გიორგი კეკელიძის დიდებული ჩანაწერი

მწერლისა და პოეტ გიორგი კეკელიძის შემოქმედებას გულშემატკივართა უდიდესი არმია ჰყავს.

“არტ ინფო” გთავაზობთ გიორგის ერთ-ერთ დიდებულ ჩანაწერს:

“როცა მამაჩემი გარდაიცვალა და ორ დღეში ბებიაჩემიც, მეც ის ვიფიქრე, რასაც სხვები ფიქრობენ ამ დროს: როცა ცხოვრება ასე მოკლეა და სიკვდილი ასე მოულოდნელი, ხომ შეიძლება სულ კარგი ვუთხრათ ერთმანეთს, ხშირად მოვიკითხოთ და ნაკლებად ვლანძღოთ. ანუ სულ არ ვლანძღოთ. თუ რამ არის გულუბრყვილო, სწორედაც რომ ეს ფიქრია. ყოველდღიურობა შეუმჩნეველი წვრილმანებით გითრევს და გაბრუნებს. დაკრძალავ და იმ საღამოსვე შენივე პირიდან მოგესმის, რომ ქელეხის ღვინო არ იყო მთლად ისეთი და თევზი აკლდა და რომ, წარმოდგენა არ გაქვს რამინი სამივე შვილით, ცოლით და ცოლისდით რატომ მოვიდა, როცა მარტო თვითონ დაპატიჟე. მერე რამე სევდიან სტატუსს დაწერ და ხვალ მეგობარი გეტყვის, რომ მეორე მომეგობრო ტიპმა თქვა, რა გაახურა ამ კეკელიძემ საქმე ამ თავისი სევდებითო და შენ გაბრაზდები ამ მომეგობროზე, რომელიც ზეგ შეგხვდება და გაგიღიმებს და გეტყვის, რომ სამსახურს ეძებს. აი, ხომ ხედავთ, ახლაც ვუკბინე ცოტა შორიდან იმ მომეგობროს.

ასე ვცხოვრობთ სიკვდილიდან სიკვდილამდე, ანუ ,,მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს”-დან მორიგ ,,მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს”-ამდე. ვჭამთ და ვღრღნით ერთამანეთს, დავცინით, ვუსაფრდებით, ვებრძვით. ასე იყო, არის და იქნება. ვერაფერს შევცვლით, ვერ ამოვხტებით ამ დაწყევლილი ადამიანობიდან. სიკვდილის გვეშინია, მაგრამ არასდროს ვითვალისწინებთ – შეიძლება ეს არის ამქვეყნად ყოფნის ნაკლიც და უპირატესობაც.”