16 ივნისი, 2022

დიდებული წერილი რეზო ინანიშვილზე

მწერალ რეზო ინანიშვილზე არაერთი წერილი დაწერილა, თუმცა ჩანაწერი, რომელიც მისი მეუღლის როზა ელიოზაშვილი-ინანიშვილის მოგონებებიდანაა, ნამდვილად დიდებულია:

“რეზოს რომ მოვეწონე, მისიანებმა თურმე ყველამ იცოდა. მაშინ საწყალი ისე იყო გამხდარი, ჩექმებით, “ტელოგრეიკით”, გაშვებული თმით დადიოდა და მე ძალიან არ მომეწონა.

ბევრი ალუბალი გვედგა ეზოში. დაპატიჟა ჩემმა დამ თანამშრომლები. მოვიდა რეზოც. ფეხსაცმელი ჰქონდა გარღვეული და მავთულით გაბლანდული, ეს როგორი ფეხსაცმელი აცვია-მეთქი, ცხვირი ავიბზუე. ხაშმში უჯარმიდან ყოველ დღე ფეხით დადიოდა, გაუჭირდებოდა, აბა რა იქნებოდა, მაგრამ მაშინ ამეებისა არა ვიცოდი…

მერე თბილისში მეწვია სტუმრად.

18 წლისა რომ გავხდი, პუშკინის ლექსები მაჩუქა რეზომ და მითხრა: “შენ არც ისეთი პატარა ხარ და ხვდები ალბათ ყველაფერს. მითხარი, მოგწონვარ თუ არა და თუ არა, აღარ მოვალო.”

მე გავჩუმდი, თავიდან ვერაფერი ვთქვი, მერე აღარ მოხვიდეო, ჩემთვის ჩავიდუდუნე. მთელი ღამე არ მიძინია, რაც მე მაშინ ვინერვიულე…ხომ იცით გოგოს მეტიჩრობა, შემრცხვა მისი და ასე იმიტომ ვუთხარი. აღარ მოვა, აღარ-მეთქი, ვტიროდი.

მოვიდა! და ხომ იგრძნო როგორ შევხვდი, ან რად უნდოდა პასუხი?! მერე ერთად დავდიოდით კინოში, თეატრში, გამოფენებზე. ძალიან მორიდებული იყო რეზო ჩემთან, ყურადღებიანი, გულისხმიერი, კეთილი. ერთად რომ დავდიოდით ხელმკლავს მე ვუკეთებდი. ჩვენი მოფერება რა იყო – ჯიბეში მითბობდა ხელს…

მამიდაჩემი მიწყრებოდა: გოგო, რა დაგემართა, მარტო შენ ხომ არ თხოვდებიო?! რეზოსაც სცხვენოდა ჩემი ატაცებისა და ჩუმ-ჩუმად და მალულად ჩამომიშორებდა. მე აღარაფრის მერიდებოდა. რომ დაენებებინათ, რეზოს ნაფეხურებსაც დავკოცნიდი…”