უპასუხეთ კატო ჯავახიშვილს

პოეტი კატო ჯავახიშვილი ეძებს პასუხს კითხვაზე:

“მაინც, როგორია ეს თავისუფალი საქართველო, აბრჭყვიალებული გამზირებით და ნაგავში სარჩოს ძებნით დაღლილი მოხუცებით თუ საჩვენებელი ტრაფარეტებით და დავიწყებული სიტყვებით? სად გადის ზღვარი თავისუფლებასა და მარწუხებში მოქცეულ აზროვნებას შორის, რომელი თავისუფლებაა ეგ, თან „ეროვნულ ინტერესებზე“ რომ დგას და თან თავში კეტს გირახუნებს?!

თავისუფლება ისაა, შენი ჩურჩული ისმინოს ქვეყანამ, ბოლო ხმაზე კი არ გაჰკიოდე განწირული და უმომავლო – სიტყვებს ურევდე, დაზეპირებულ ტექსტში ენა გებლანდებოდეს, უსამშობლობას გაჰყვიროდე და თავი თავისუფალი გეგონოს.

თავისუფლება ისაა, შიში არ გჯაბნიდეს, ხეებს რგავდე, ვენახს აშენებდე, სამკითხველოებს ამრავლებდე, ოღონდ მოჩვენებითად კი არა, სიყვარულით აკეთებდე ამას.

ეგაა თავისუფლება, საკუთარ თავზე მაღლა დააყენო ქვეყანა, რომელსაც იცნობ. ფარდულიდან ანგელოზები გამოიყვანო, ფრთებიდან აბლაბუდები ჩამოფერთხო და მწვანე მინდვრებზე პეპლებივით გაუშვა საფრთხიალოდ.

მე ასეთი ქვეყანა მინდა. ჩვენ ასეთ თავისუფლებას ვიმსახურებთ.”