17 მაისი, 2022

უმშვენიერესი თინათინ ვარდანაშვილის ამბავი

ულამაზესი და უმშვენიერესი თინათინ ვარდანაშვილი მხოლოდ რამდენიმე ფილმში გამოჩნდა. ცნობილ რეჟისორებთან მუშაობას იგი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა.

ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში “ჩარი რამა” მან ნელის როლი შეასრულა. ის იყო ყველაზე პატარა მსახიობი და ცოტა გაუჭირდა ასაკოვან ხალხთან ერთად ყოფნა, რადგან ვერ ერთობოდა. თუმცა ქართული კინოს კორიფეებთან – დუდუნახა წეროძესთან, ელენე ყიფშიძესთან, კოტე დაუშვილთან, ბადრი ბეგალიშვილთან, გოგი გეგეჭკორთან, გოგი ქავთარაძესთან გატარებული დღეები და დაუვიწყარი თავგადასავლები სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა:

“ნიკოლოზ სანიშვილი უთენია წამოგვყრიდა ხოლმე და გაგვაქანებდა ოზურგეთში გადაღებაზე, წესიერად ჭამას ვერ ვასწრებდით.

იღებდნენ ქორწილის ეპიზოდებს, სადაც ნაირ-ნაირი კერძები გამოჰქონდათ, მაგრამ ჩვენ მისი ჭამის უფლება არ გვქონდა, რადგან სხვა დღეებშიც სჭირდებოდათ, ზედმეტს არაფერს ყიდულობდნენ.

ერთხელ ნერწყვი გადავყლაპე და ხმამაღლა ვინატრე, როგორ მინდა გოჭი-მეთქი. “მოხუცებს” გაუგიათ და დიდი სუფრა გაშალეს…

ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდნენ, თან მყვებოდნენ, ერთი ეგ იყო, რომ ვერ ვერთობოდი…”