უძვირფასესი წერილი ერეკლე მეფეზე

ერეკლე მეორე ის მეფეა, ვისი პიროვნების მიმართაც ინტერესი არასდროს ნელდება.

კონსტანტინე გამსახურდია უმცროასი უძვირფასეს წერილს გვთავაზობს:

“ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე 1783 წლის ზაფხულზე დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების ელემენტარულ არცოდნას. ტრაქტატი გულისხმობდა პროტექტორატს, ყველაფრის (სამეფო ტახტის, დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების) შენარჩუნებით.

ერთ-ერთი მართლაც პრობლემური მუხლი იყო ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე, როდესაც საქართველოს კათალიკოსის ჩაწერა მოხდა პირველ ათეულში – რუსებს თავად გაუქმებული ჰქონდათ პატრიარქობა, რუსეთის ეკლესიის სინოდი კი სენატის (ანუ მაშინდელი მინისტრთა საბჭოს) ერთ-ერთი კოლეგია (ანუ სამინისტრო) იყო. მაგრამ ამ პუნქტზეც წერია, რომ იგი საბოლოო არ არის და კორექტირებას ექვემდებარება. გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულება არასოდეს შესრულებულა. იგი დაირღვა ძალიან მალე, კრწანისამდეც კი. ხოლო პარტნიორობის ხელშეკრულება ერეკლეს ოსმალეთთანაც ჰქონდა გაფორმებული.

რაც შეეხება გიორგი XII-ს, (ზოგჯერ XIII-დაც იხსენიებენ, თიკუნით “ზაქიჭამია”) იგი სულ ორ წელიწადს მეფობდა. იგი კარგი მეომარი, თუმცა სრულიად აპოლიტიკური ადამიანი იყო. მან კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთან, რომელიც ბევრად უარესი იყო გეორგიევსკზე – ის გულისხმობდა ყველაფრის დათმობას და ფაქტობრივად სამეფოს ჩაბარებას. ამას ეწინააღმდეგებოდა ბატონიშვილი ალექსანდრე, რომელსაც ირანში მოუწია გაქცევა. ვთვლი, რომ ზუსტად ერეკლეს სული მეტყველებდა მასში, რომელსაც კორექტირება სურდა შექმნილი ვითარებისა და ერეკლეს საბრძოლო გენიაც: მან 30 წელიწადი იომა და მოსინჯა ყველა საშუალება რუსეთის გაბატონების წინააღმდეგ კავკასიაში. იგი თეირანში აღესრულა 1844 წელს და იქვე, სომხურ ეკლესიაშია დასაფლავებული.

როდესაც დადგა 1800 წელი და ალექსანდრე დაღესტნელების, შირვანელების და სპარსელების ლაშქართან ერთად კახეთში შემოვიდა და ნიახურას ველზე დადგა, მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მეორე მხარის შეიარაღებული ძალის სათავეში მისი ძმა გიორგი იქნებოდა. მას სურდა ერთი-ერთზე საუბარი მასთან და აუცილებლად შევაცვლევინებ გადაწყვეტილებასო. როდესაც შეიტყო, რომ ქართველების და რუსების მხედრობას სხვები მოუძღვიან, მეფე კი იქ არ არის, იგი მიხვდა, რომ ნიახურაზე აღარაფერი გადაწყდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს უკანასკნელი უიღბლო მეფე ამ ამბიდან ძალიან მალე გარდაიცვალა.

საბოლოო ჯამში ერეკლეს ნებას სწორედ ალექსანდრე გამოხატავდა და არა “ზაქიჭამია”. მისი სურათი (ისევე, როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის) პირველად ეროვნულმა მოძრაობამ წამოსწია 1988 წლის მიტინგებზე. ამიტომაც სწერდა ტიციან ტაბიძე მასზე:

რა შეედრება პოეტის სახელს? – გმირის სახელი უფრო მეტია.
მიყვარს ქართული მიწა მართალი, რაც ვაჟკაცებით მონახვეტია.
ამ საშინელ და უიღბლო ღამეს მე მრჩება მხოლოდ ერთი ანდერძი,
რომ არ ამოშრეს ხალხში ნაღველი ბატონიშვილის ალექსანდრესი.”