21 მაისი, 2022

რეზო ჩხეიძე სოფიკო ჭიაურელზე

რეჟისორი რეზო ჩხეიძე ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა სოფიკო ჭიაურელთან შეხვედრას, რომელიც ფილმში “ჩვენი ეზო” ციცინოს როლზე დაამტკიცა:

„ჩვენი ეზოს” მთავარ გმირებს დიდხანს ვეძებდი. ლამის ტრაგიკულ მდგომარეობაში ვარ. ვფიქრობ, ვინ, ვინ? ამ ფიქრით მივედი ერთ აზრამდე – ვერიკოსა და მიშა ჭიაურელს ჰყავთ ქალიშვილი, როგორ შეიძლება ის უინტერესო ადამიანი იყოს.

მივაკითხე სახლში, მითხრეს მოსკოვში, ვგიკში სწავლობს და იქ არისო. ჩავჯექი თვითმფრინავში და გადავფრინდი. თან წავიღე სცენარის ორი ეგზემპლარი.

მივედი ვგიკში, მოვიკითხე სოფიკო. მითხრეს ბიბლიოთეკაში ზისო. შევედი ბიბლიოთეკაში, გადავხედე, ვათვალიერებ. ერთზე შევჩერდი, ვიფიქრე, ნამდვილად ის იქნება-მეთქი. მივედი და ვეკითხები: – ქალბატონი სოფიკო თქვენ ბრძანდებით? – გაიცინა, ქალბატონი სოფიკო მე ვარო. თვითონ მიცნო, ვინც ვიყავი.

ერთი შეხედვითვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეტყობოდა, რომ დაძაბული იყო და საოცრად მეტყველი თვალები ჰქონდა. მაშინვე ვუთხარი, სცენარი მაქვს წამოღებული და მინდა, მთავარი როლი ითამაშოთ-მეთქი. ასე პირდაპირ მივაჯახე.

გაწითლდა, აენთო ამ მოულოდნელი საჩუქრით, გადაიკისიკისა. მერე მკითხა, კიდევ ვინ თამაშობსო? რომ გაიგო, ბიჭსაც ვეძებდი, გიორგი შენგელაია მირჩია. თურმე შეყვარებულები იყვნენ. ინსტიტუტშივე ვნახე გიორგი, გადავეცი სცენარი და ვუთხარი, თუ თანახმა იქნებით, მე სხვას აღარ მოვძებნი-მეთქი.

დამთანხმდნენ, ჩამოვიდნენ თბილისში და დავიწყეთ გადაღებები. საოცრად ჰარმონიულად ვმუშაობდით. ორივე არაჩვეულებრივი იყო. ყველა აქებდა, უცებ გახდნენ პოპულარულები…”