9 მაისი, 2022

ნანა ხურითის დაუვიწყარი ამბავი

სოხუმის თეატრის მსახიობი ნანა ხურითი მისი ცხოვრების დაუვიწყარ ამბავს იხსენებს, რომელიც 9 მაისთან არის დაკავშირებული:

“გილოცავთ 9 მაისს. პირველ რიგში ვეტერანებს! ამ ისტორიას კი, ტრადიციულად დავდებ.

ჩემი ოჯახის საინტერესო ამბავი… არის ისტორიები, რომლებიც სულ გახსოვს.

სამამულო ომის საშინელება ძალიან ახლოს იყო ჩემთან, რადგან ბაბუჩემი ლავრენტი (ტეტო) დრიაევი ომის მონაწილე იყო, ასევე ბებიაჩემის, ნინო მარგიევას ორი ძმა, რომელთაგან ერთი ტყვედ აიყვანეს გერმანელბმა. ბაბუაჩემი მძიმედ დაიჭრა ფრონტზე და დააბრუნეს სახლში.

გამოცხადდა ცხენების მობილიზაცია ფრონტისთვის… და, რა თქმა უნდა, ბაბუაჩემმა თავის ხელით გაზრდილი, უჭკვიანესი ცხენი ჩაიყვანა ლენინგორში (ახალგორი).

ცხენს ნიშანი გაუკეთეს შუბლზე ცხელი შანთით… ცხენი აჭიხვინდა… ბაბუჩემს ტირილი აუვარდა თურმე და არც გამოემშვიდობა, ისე გამოეცალა იქურობას… გადის დრო. დადგა 9 მაისი, ივნისი, ივლისი და ბაბუაჩემს მოსდის დეპეშა, თქვენი ცხენი ესა და ეს ნომერი დაიბრუნეთო. (ფრონტიდან ჩამოყვანილი ცხენები კოდისწყაროს მინდვრებში გაუშვიათ)…

პაპაჩემი სიხარულით წასულა ცხენთან შეასხვედრად. ჩავიდა… და რას ხედავს, მისი უსაყვარლესი ცხენი “ნიშა” – ასე ეძახდა… დაუძახა… ცხენი უცებ მოტრიალდა, იცნო! რამოდენიმე ნაბიჯით მისკენ წამოვიდა… უყურა, უყურა და უცებ ზურგი შეაქცია და დიდი სისწრაფით გაექანა, გაიქცა, გაუჩინარდა… გაშორდა… დაიკარგა… არ აპატია… ადამიანები აღარ უნდოდა, ომმა ადამიანები შეაძულა… მით უმეტეს, მისი უსაყვარლესი ადამიანი… რომელსაც აღარ ენდობოდა…

პ.ს. სულ მახსოვს ეს ამბავი და ტეტო პაპა, რომელიც დამნაშავედ გრძნობდა თავს… ხშირად ყვებოდა ამ ამბავს, რომ შვება ეგრძნო…”