ლევან თედიაშვილის მხიარული თავგადასავალი

მსახიობსა და სპორტსმენს ლევან თედიაშვილს სასწაული იუმორის გრძნობა აქვს.

მისი ერთ-ერთი მხიარული თავგადასავალი ლელა ანჯაფარიძემ გაიხსენა:

“ერთხელაც თმა შევიკრიჭე ძალიან მოკლედ, პირველად… სამსახურში სარკეს ვერ მომაცილეს. საღამოს კი სასტუმროში უნდა გამევლო ჩემი მეგობარი ქეთი ძიძარიასთან და „დალშე“ გასაპრანჭად მივდიოდით…

ვინ გაცალა… შეგვეფეთა სასტუმროს წინ ბატონი ლევანი და ფაქტიურად, ძალით წაგვიყვანა სავახშმოდ…

ჩავისეირნეთ ძველ არბატზე… ახალი გახსნილი იყო მაშინ პატარა ბისტროები და ერთ-ერთის ვერანდაზე დავსხედით… თანაც მე გავბრაზდი… ახალი „პრიჩოსკით“ მაინცდამაინც სიღრმეში დამსვეს და არ ვჩანდი…

ასეთი ხალისიანი დრო არასდროს არ გამიტარებია… პირველად რეალურად მივხვდი და ვიგრძენი, რომ ადამიანი მართლა შეიძლება „მოკვდეს სიცილით“… გეფიცებით, ყველა კუნთი მტკიოდა…

მერე ვიღაცამ დაურეკა ბატონ ლევანს და გავიდა… 5 წუთში დაბრუნდა, ძალიან კარგი ქართველი კაცი გაგვაცნო – „ცოტა ხანს ბავშვებს მიხედეო“ და დაგვტოვა…

ის კაცი გვერდით მოგვიჯდა…

მე კი ჩემი პრობლემა მაწუხებდა… იმ რესტორნის აივანზე ფანტასტიური ხელოვნური ყვავილების გირლიანდები ეკიდა და მინდოდა ცოტა მომეწყვიტა და სახლში წამეღო, სამზარეულოს მოსართავად…

ხოდა ამ კაცს ვთხოვე: „ გეხვეწებით, ყვავილების მოპარვა მინდათქო და ოფიციანტს დაუკვირდით, უცებ არ გამოვიდეს და არ დამიჭიროს მეთქი.”

„კი, ბატონოო“ და მართლაც, პირნათლად შეასრულა დანაპირები…

დროზე მაფრთხილებდა ოფიციანტის გამოჩენის შესახებ და მეც… ნელ-ნელა ვერანდა ნახევრად დავაცარიელე… ყვავილები ჩანთაში დავმალე…

ამასობაში მოვიდა ბატონი ლევანი და წავედით საელჩოს მიმართულებით…

გზაში ბატონ ლევანს ვკითხე: „ის კაი კაცი ვინ იყო თქო?“ და „იმ რესტორნის დირექტორიო“….