11 მაისი, 2022

ლექსო თორაძის გასაოცარი ამბავი

უნიჭიერესმა პიანისტმა ლექსო თორაძემ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს ამერიკაში გაფრინდა და უკან აღარ დაბრუნდა.

ხელოვანის ამ გადაწყვეტილებას მისი დედა, მსახიობი ლიანა ასათიანი იხსენებდა:

“პატარა ლექსო ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა. ის არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე. მამამისმა, დავით თორაძემ დაუწერა ნაწარმოები, რომელიც პიანისტმა მის სიცოცხლეშივე რამდენჯერმე შეასრულა. სწორედ იმ დღეს, შვიდ ნოემბერს, როცა მოსკოვის კონსერვატორიის დარბაზში ლექსოს უნდა შეესრულებინა მამის მიერ მისთვის შექმნილი კონცერტი, ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ის საოცრად ამაყობდა თავისი შვილით, იცოდა, რომ ლექსო ნიჭიერი იყო და დიდი სივრცეების დაპყრობა შეეძლო.

როცა ლექსო თვითმფრინავით გაფრინდა, ვინატრე, ღმერთო, მთელი ცხოვრება ასე აფრინე გასტროლებზე-მეთქი. უფალმა ეს თხოვნა შემისრულა. როცა გავიგეთ, რომ ის უცხოეთში დარჩა, მე და ჩემი მეუღლე ღირსეულად შევხვდით ამ ამბავს. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ჩვენს შვილს მეტი სივრცე სჭირდებოდა და არა ისეთი, როგორსაც საბჭოთა კავშირში უქმნიდნენ. იმ პერიოდში მთელმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერს გავუძელით, რადგან გვესმოდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო.

იმის ილუზია არასოდეს მქონია, რომ ლექსოს სანახავად გამიშვებდნენ, მაგრამ აქაც ბედმა გამიღიმა. საბჭოთა კავშირში პირველი დედა ვიყავი, რომელიც შვილთან უცხოეთში გაუშვეს. საბჭოთა კავშირში რეიგანი უნდა ჩამოსულიყო, მანამდე კი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი – შულცი ჩამოვიდა. იგი თბილისშიც იყო და მაშინდელ ცკ-ის მდივანს, ჯუმბერ პატიაშვილს დაუტოვა წერილი, ლიანა ასათიანი თავისი შვილის სანახავად გამოუშვითო. თურმე ლექსოს მისი უწყებისთვის მიუმართავს, დედას შემახვედრეთო. როცა ამ წერილის შესახებ მითხრეს, ვიფიქრე, რომ ჭორი იყო, დაჯერება გამიჭირდა…

ამერიკაში რომ ჩავედი, ნიუ იორკის აეროპორტი ხალხითა და ყვავილებით იყო გადაჭედილი. ლექსომ არაჩვეულებრივი შოუ მოაწყო. ტელეარხები, ფოტოკორესპონდენტები, ჟურნალისტები მოვიდნენ. მითხრა, ხომ ხედავ, როგორი შეხვედრა მოგიწყვეო. ვუპასუხე, მე არ მომიწყვე, საკუთარ თავს გაუკეთე-მეთქი.

იმ შეხვედრის შემდეგ მთელი ამერიკა ლექსო თორაძეზე ალაპარაკდა.”