13 მაისი, 2022

ლექსო თორაძის გამორჩეული წერილი

ლეგენდარული პიანისტის ლექსო თორაძის არაჩვეულებრივი წერილი მისმა უმცროსმა კოლეგამ – პიანისტრმა ირმა გიგანმა გაგვიზიარა:

“1983 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველო სენსაციურმა ამბავმა შეძრა: „ლექსო თორაძე ამერიკაში დარჩა!“

მაშინ საბჭოთა კავშირმა ლექსო მოღალატედ გამოაცხადა. წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონი ლიანა ასათიანი იტყვის: „როცა გავიგეთ, ლექსო უცხოეთში დარჩა, ამ ამბავს მე და ჩემი მეუღლე ღირსეულად შევხვდით. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ მას გაშლილი სივრცე სჭირდებოდა და არა ისეთი, როგორსაც აქ, საბჭოთა კავშირში უქმნიდნენ. მისი ნაბიჯი ღირსეული იყო. იმ პერიოდში მთელმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერს გავუძელით, რადგან გვესმოდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო… უფრო ადრე უნდა წასულიყო, ისეთ მძიმე სიტუაციაში ჩააყენა ფედოსეევის ორკესტრმა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა… პროფესიული შეურაცხყოფა აუტანელია… დიდ ხომალდს დიდი ზღვა სჭირდებოდა, რომ ეცურა“.

“მილიონერთა საკურორტო ქალაქი ვესთ-პალმ-ბიჩის (ფლორიდის შტატი) – უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი გადატენილია. სცენაზე ელა ფიცჯერალდი მღერის. ხანგრძლივი ტაშისა და ოვაციების პირველი ნაკადი ჩაცხრა, ელა მიკროფონთან მიდის და პუბლიკას მიმართავს: „დღეს მე და ოსკარ პიტერსონმა გავიცანით უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი, რომელმაც მოგვაჯადოვა თავისი მუსიკით. იგი ახლა ამ დარბაზშია: იცნობდეთ, ლექსო თორაძე! ხვალ მას ამ დარბაზში კონცერტი აქვს, – განაგრძო ფიცჯერალდმა, – გირჩევთ ყველას, მოხვიდეთ და მოუსმინოთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ!“

„წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა“, – მე მაინც ვცდი ბედს. ფედოსეევები არამზადები, პირუტყვები არიან. მათ გამყიდეს! როგორც შემდეგ გაირკვა, ის სხვა რამით ყოფილა დაინტერესებული. მან ჩემი კონცერტები ხორხე რუბიოს და კორსაკოვებს გაუნაწილა. ორივე შემთხვევაში, მატერიალური დაინტერესება ყოფილა ჩადებული – კორსაკოვებთან ქრთამი და ვალი. რაც შეეხება რუბიოს, რომლისთვისაც პრესტიჟული იყო ესპანეთში გამართულ კონცერტებში მონაწილეობა, მის მდიდარ, მაგრამ უნიჭო ცოლს, დიდძალი ჰონორარით უნაზღაურდებოდა. ყველაფერი ეს გვიან გაირკვა. აეროპორტში ვიგებ, რომ მთელი სამი კვირა უსაქმოდ ვიქნები. დაუყოვნებლივ მოვითხოვე დელეგაციის ხელმძღვანელს და ფედოსეევებს მოსკოვში დავებრუნებინე. წინასწარ დავადგინე, რომ ამას იმპრესარიო გააკეთებდა თავისი ხარჯით. მოკლედ, მოსკოვში დაბრუნების უფლება არ მომცეს!

რამდენიმე დღე თავზეხელაღებული ვიბრძოდი, რათა როიალთან მემუშავა, თუნდაც დღეში ერთხელ. ხელმძღვანელობა უარს მეუბნებოდა: „რა საჭიროა, შევაწუხოთ ესპანელი იმპრესარიო სამეცადინო ადგილის ძებნით, თქვენ ხომ სამუშაო არ გაქვთ“. ესპანელებმა, რომ დაინახეს ასეთი აგდებული დამოკიდებულება ჩემ მიმართ, თავიდან მომიცილეს. ფაქტობრივად, ყველა ჩემი უფლება დავკარგე – მივიღო კონცერტებში მონაწილეობა, დავბრუნდე სახლში, ვიმეცადინო…

მივხვდი, რომ თბილისის კონცერტებამდე არსად არ შემიძლია, დავუკრა. რადგან გადავწყვიტე, გავიპარო, აზრი აღარ ჰქონდა მოსკოვში გამეგზავნა ისეთი დოკუმენტი, რომელიც სახიფათოა და ადვილად გასაკონტროლებელი. დავრწმუნდი, მათ შიში ჰქონდათ იმისა, რომ სიმართლეს დროზე ადრე გავამხელდი, აღვნიშნავდი გასტროლების დაბალ ხარისხს, პრესტიჟის დაცემას, კომერციულ ხასიათს, ფედოსეევების უპრინციპობას. ამიტომ, არ მაბრუნებდნენ მოსკოვში. ორკესტრის დიდი ნაწილი თანაგრძნობით უყურებდა ჩემს დამამცირებელ და გამოუვალ მდგომარეობას. ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ, მხედველობაში ჰქონდათ ჩემი კონცერტების ჩაშლით გამოწვეული მატერიალური ზარალი.

თანდათანობით, ორკესტრმაც დაიწყო მუშტის ქნევა. ისინიც ამ დღეში იყვნენ. რა უნდა გამეკეთებინა, გარდა იმისა, რომ მეც დამეცინა საკუთარი თავისთვის. განსაკუთრებით აქტიურობდა ვინმე ჟენია, რომელიც სულიკოს მეძახდა და ამით თავის პატივისცემას გამოხატავდა ქართული ფოლკლორისა და ერისადმი.

მინდა, იცოდეთ, თუ რისთვის გამყიდეს, თანაც იაფად. როგორ იცვლებიან ადამიანები, წარმოუდგენელია, რა ემართებათ! აღარც კი მაფრთხილებდნენ ქალაქიდან ქალაქში გადასვლის შესახებ, არც ოფიციალურ შეხვედრებზე მიწვევდნენ – მთელი ორკესტრი ინფორმაციას რეპეტიციებზე იღებდა. მე კი, მარად უსაქმურს, მივიწყებდნენ. მართალია, ნეჩაევი ყოველი „დავიწყების“ შემდეგ ბოდიშებს მიხდიდა, მაგრამ… მივხვდი, რომ არც ორკესტრთან და არც ფედოსეევებთან ერთად, აღარასდროს მომიწევს სცენაზე გამოსვლა. ეს იყო ერთადერთი ორკესტრი, რომელზეც იმედს ვამყარებდით მე და შენ, მამა. დანარჩენმა „გლავდირებმა“ ზურგი შემაქციეს.

წარმოუდგენელმა შეურაცხყოფამ მთელი წლის განმავლობაში, მაიძულა მიმეღო ყველა ჩვენგანისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება. იმ ღამეს ერთი ფიქრი ამეკვიატა – ნებისმიერი გზით შევძლო, თავიდან ავიცილო ადამიანური, პროფესიული და ნაციონალური დამცირება, რომელიც მე გავიცადე მათგან. სასტუმრო „რობლედოდან“, რომელიც ქალაქ ხიხონში მდებარეობს, 25 აგვისტოს დილის 8 საათზე გამოვედი ყავისფერი ხელჩანთით. მთელი ამ ხნის განმავლობაში თან მდევდა აზრი, რომ მე კი არ წავედი, არამედ ჩემგან წავიდნენ. ჩემი ქვეყნიდან წასვლა ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა. რას იზამ, მათ საწადელს მიაღწიეს.

ახლა კორსაკოვ-მამის თვითმკვლელობის შესახებ. ჩემი ვარაუდით, მან შვილთან ერთად, უცხოეთში წასვლა ჩემზე ადრე გადაწყვიტა. როგორც გახსოვთ, მოსკოვიდან გაფრენის დროს საბაჟოში გულმოდგინედ ჩხრეკდნენ. კორსაკოვ-შვილს საიდუმლო ჯიბეში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი უპოვეს. ფედოსეევის პირადმა ჩარევამ გადაარჩინა ის გასტროლებიდან გამოთიშვას. ამ ინციდენტმა ის, სავარაუდოდ, სამუდამოდ ვალში ჩააგდო. ეს ყველაზე უკეთ იცოდა ფედოსეევმა, რომელიც მათთან დაკავშირებული იყო არა მარტო მუსიკით, არამედ ვალდებულებით დახმარებოდა. ჩამორთმეული თანხის ასანაზღაურებლად ფედოროვმა კორსაკოვ-შვილს ჩემი კონცერტები გადასცა. სიამოვნებით დავუთმობდი ჰონორარს, ოღონდ დაკვრის უფლება მოეცათ. მოკლედ, კორსაკოვ-შვილს არ გაუმართლა საბაჟოზე. მამა-შვილმა უცხოეთში დარჩენა გადაწყვიტეს, მაგრამ ჩემი გაუჩინარების შემდეგ ორკესტრის ხელმძღვანელობამ გადაჭარბებული ზედამხედველობა დააწესა, რამაც ხელი შეუშალა მათ ჩანაფიქრს. იმედგაცრუებულმა კორსაკოვ-მამამ გადაწყვიტა, სასტუმროში თავი ჩამოეხრჩო.

ახლა ჩემს დღევანდელობაზე და მომავალზე: საშუალება მაქვს ვიმეცადინო, ვიცურაო, ვირბინო, ნორმალურად ვიკვებო და ვიცხოვრო. ადვილი შესაძლებელია, შენს დაბადების დღეს, 6 დეკემბერს, დედა, მე ნიუ-იორკის ყველაზე დიდ დარბაზში დავუკრა. შენი ადგილი თავისუფალი იქნება და დაგელოდება. კონცერტიდან მიღებულ შემოსავალს, შენი დაბადების დღის აღსანიშნავად, შენი სახელით, ქალთა რომელიმე მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადავცემ. თუ მე დაკვრას შევძლებ და სანამ ჯერ კიდევ ვუკრავ, საკონცერტო დარბაზში შენი ადგილი ყოველთვის დაგელოდება. სხვა დიდმა ქალაქებმაც მოითხოვეს ჩემი გამოსვლა.

ჯერჯერობით ადრეა, მამა, ვილაპარაკოთ შენს კონცერტებზე. ჯერ მე უნდა დავამტკიცო, რომ შემიძლია დაკვრა, ისინი უნდა დავაინტერესო. ამ უმძიმეს მომენტში მთავარია, მაგრად იყო. გახსოვდეს ყველაფერი ეს, მე გამოვიწვიე, მაგრამ თქვენზე მეტად მე მიმძიმს – მე მარტო ვარ! მოიკრიბე ძალა და წერე მუსიკა. მუსიკამ უნდა გადაგვარჩინოს ჩვენ ორივე. ვიცი, წარმოუდგენლად გავართულე ჩემი და შენი ცხოვრება. ამან უნდა გამოგვაფხიზლოს და ძალა შეგვმატოს იმათ წინააღმდეგ, ვინც მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა. შენ უნდა წერო ჩემი სახელით. გემუდარები, ტკივილი შემიმსუბუქე, ნუ დამიმძიმებ მას. რაც შეუძლია მამამ შვილს მისცეს, შენ უკვე მომეცი. არ მინდა, მყიდდნენ და მამცირებდნენ სულით მოვაჭრენი. ნამდვილ ცხოვრებასთან ბრძოლა უკვე დავიწყე. თუ სიკვდილი მიწერია, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არა ხართ დამნაშავე. რაც მოხდება, ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს.

ლექსო თორაძე”