8 მაისი, 2022

ლაშა თაბუკაშვილი მედეა ჯაფარიძეზე

მწერალი ლაშა თაბუკაშვილი ულამაზეს და უნიჭიერეს დედაზე – მედეა ჯაფარიძეზე და გასაოცარ მამაზე – რეზო თაბუკაშვილზე საუბრისას ყოველთვის ერთ მნიშვნელოვან მომენტს იხსენებს:

“დედასა და მამას ურთიერთობა იყო ჩვენთვის საოცარი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რომანის გახანგრძლივება არა ხელოვნურად, არამედ ორგანულად – მათ ბოლო მომენტამდე რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ამის აფიშირებას არ ახდენდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს მხოლოდ მათი იყო, მაგრამ ჩვენ ერთ ოჯახში ვცხოვრობდით და ამას ვხედავდით.

ისინი წინ აყენებდნენ ერთმანეთის პრობლემებს – იქნებოდა ეს ყოფითი წვრილმანი, თუ გლობალური პრობლემა. ამიტომაც ვერ გაძლო დედამ მამას სიკვდილის შემდეგ – ჩაქრა, ჩაიფერფლა.

ოჯახში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დღესასწაულები გვქონდა, მაგრამ ამავე დროს იყო სერიოზული ჯახები, წყენები, გაბუტვები. ჩხუბი – იცოცხლე, მაგათ რომ ჰქონდათ ხოლმე, მაგრამ, ალბათ არ ჩხუბობენ მხოლოდ იმ ოჯახებში, სადაც ერთმანეთი არ უყვართ…”