19 მაისი, 2022

კირა მებუკე – ქართული პანტომიმის დედოფალი

კირა მებუკე, ქართული პანტომიმის დედოფალი – საქართველოს პირველი მიმი ქალია. მან მთელი ცხოვრება პანტომიმას მიუძღვნა და მეუღლესთან, ამირან შალიკაშვილთან ერთად საოცარი სპექტაკლები გვაჩუქა:

“ცოტა უხერხულია ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ მარსელ მარსომ რომ მნახა “ელექტრაში” და გალაკტიონის მესაფლავის მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში, ამირანს უთხრა, ამ ქალს გაუფრთხილდი, პანტომიმაში ქალი ყოველთვის დამხმარე და მეორადია, ეს ქალი კი სულ პირველი უნდა იყოს და სულ მას უნდა დაუდგა სპექტაკლებიო.

ყველაფერი ვითამაშე და საოცნებო როლი და დამრჩენია. როცა “კრიმანჭული” დავდგით, მაშინ პედაგოგად ვიყავი. შევედი ამ სპექტაკლში წამყვანად და გადავაბი ყველა ნოველა ერთმანეთს. ასეთი რაღაცეებიც მომწონდა და მსიამოვნებდა. აბსოლუტურად არ დარჩენილა როლი, რომლის თამაშიც მინდოდა.

ძალიან მიყვარს სპექტაკლი “კიდევაც დაიზრდებიან”. ჩვენთან ერთახელ სპექტაკლზე მოსული იყო ერთ-ერთი მამაო. როცა სპექტაკლში ბავშვი კვდება, შინაგანი, დედობრივი სიყვარულით და ემოციებით ამ ბავშვს ვაცოცხლებ. არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ვიგრძენი, რომ სადღაც ზემოთ ავდივარ. ეს იყო ისეთი შეგრძნება, თითქოს მაღლა-მაღლა მივდიოდი და არ ვიყავი სცენაზე, სადღაც ჰაერში ვიყავი. მერე ასევე ნელა, ჩავეშვი სცენაზე. როცა სპექტაკლი დასრულდა, მოვიდა მამაო და მითხრა, დიდი მადლობა, ყველაფერი დავინახე და ვიგრძენიო. ეტყობა, ეს ჩემი შინაგანი შეგრძნება იყო და იმანაც იგრძნო, რომ სხვა განზომილებაში მოვხვდი. ასე სხვა სპექატკლებზეც ძალიან ხშირად მემართებოდა. ერთ სპექტაკლში გარდასახვა რომ ხდებოდა, ძალიან მიყვარდა. ქართულ პიესებში სხვა შინაგანი სიძლიერე და სულიერებაა, რომელსაც სხვა განზომილებაში გადაყავხარ.

ერთხელ გასტროლზე წავედით, “ელექტრა” გვქონდა ყოველდღე, ტრაგედიის თამაში ყოველდღიურად კი ნამდვილი კოშმარია. ერთხელ რომელიღაც სპექტაკლზე გამოვედი და ვიცინი. ამ სიცილს ვერაფერს ვუშვები, ვხარხარებ, ვხარხარებ და ამირანი გადაირია, ვაიმე, კირა გამიგიჟდაო. ფსიქოლოგიურად გადავიღალე და შინაგანად გამოფიტული ვიყავი…

რუსეთში გასტროლზე ჟურანლისტებს ვერაფრით დავაჯერეთ, რომ ზინა პარტნოვასაც და ელექტრასაც მე ვთამაშობდი. ეს შეუძლებელიაო, იძახდნენ. ერთხელ უკვე დამთავრებული მქონდა თეატრალური, სპექტალზე რომ მიმიწვიეს მეოთხეკურსელებმა, სადიპლომო სპექტაკლში ერთი გოგო აკლდათ. უსიტყვო როლი მქონდა და უარი არ მითქვამს. ამბავი საგიჟეთში ხდებოდა. სპექტაკლი რომ დამთავრდა, რექტორმა და პრორექტორმა ვერაფრით დაიჯერეს, რომ მე ვთამაშობდი…”