განსაკუთრებული გზავნილი ნიკოლოზ წულუკიძეს

ნიკოლოზ წულუკიძეს ყველაზე განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსახიობებმა, რეჟისორებმა, მხატვრებმა, მომღერლებმა, კომპოზიტორებმა გაუგზავნეს:

რობერტ სტურუა, რეჟისორი:

“ნიკა წარმოადგენს ისეთ ფიგურას, რომელიც არ ჰგავს სხვა კრიტიკოსებს – მეტიჩრებს, ძალიან ჭკვიანებს, თამაშობენ ძალიან ჭკვიანებს, რასაკვირველია. ვიქნები ბედნიერი, რომ კვლავ ვიხილო ნიკა როგორ აქებს ჩემს სპექტაკლებს, რა თქმა უნდა, ეს ჩემგანაცაა დამოკიდებული… ცოტა დამრჩა ცხოვრება და იქნებ კიდევ ერთხელ მაინც მოხდეს ეს. ჩემო ნიკა, გისურვებ ბედნიერებას და ისევ ენერგიულ მუშაობას შენს საქმეში.”

ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი:

“ძმაკაც, იცი რა, ყველა შენთან ერთად არის და ყველას ესმის რა უბედურებაც გადაიტანე. ახლა ხელების ჩამოშვება და გადავარდნა პესიმიზმში არ ვარგა. იცი რატომ? ქვეყანას უყვარხარ, შენი საქმე გაქვს, ჩვენ სულ გვეგულები, გვჭირდები.”

ნანა ფაჩუაშვილი, მსახიობი:

“ნიკა ჩვენი პატარა თეატრალური სამყაროსთვის მეტად მნიშვნელოვანი პერსონაა. როგორც თეატრმცოდნე, როგორც ჟურნალისტი. იგი რაც მთავარია, გაჟღენთილია დიდი სიყვარულით ამ პროფესიისადმი და ასეთი ადამიანები რომ გითხრათ, ბევრნი არიან, არა. ის მეტად გამორჩეულია. ამიტომაც აუცილებელია, გარდუვალია მისი დაბრუნება.”

მურმან ჯინორია, მსახიობი:

“ნიკა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ხომ იცი მე შენ როგორ მიყვარხარ, როგორ პატივს გცემ როგორც ხელოვანი, როგორც მეგობარი. შენ იმდენი რამ გაქვს გაკეთებული ქართული თეატრისთვის, ქართული ხელოვნებისთვის, ძალიან ყურადღებიანი ადამიანი ხარ, ძალიან მოყვარული ადამიანი ხარ ხელოვნების და თეატრის. გთხოვთ მსახიობები, ყველანი, მე პირადად, ჩემო ნიკა, რომ მოიკრიბო ძალები, ჩვენთან ერთად იყო, გაგვახარო ჩვენ და ჩვენ შენ გაგახარებთ.”

ელდარ შენგელაია, რეჟისორი:

“ჩემო ნიკა, ძალიან გვჭირდები, ყველას სჭირდები. გთხოვ, დაგვიბრუნდი.”

გოგი ალექსი მესხიშვილი, მხატვარი:

“შენ ძალიან სჭირდები მარტო შენ მაყურებელს კი არა, ამ ქვეყანას. ყველა განიცდის შენს ამბავს. შენგან ბევრს ელიან. უამრავი ხალხია, ვისაც ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, შენსას შეიძლება ვერ შეედრება, მაგრამ მათ შენი სიტყვა, შენი მოფერება, შენი სითბო სჭირდებათ. იმედი მაქვს, დიდი ცხოვრება გაქვს წინ და შენი სიძლიერე იმაში გამოჩნდება, შენი შვილისადმი და შენი ოჯახისადმი სიყვარული, რომ დაუბრუნდები შენს საქმეს და საუბარს გააგრძელებ იმ მაყურებელთან, რომელსაც კი არ უყვარხარ, რომელიც გიჟდება შენზე, როგორც მე პირადად.”

ნიკოლოზ რაჭველი, კომპოზიტორი:

“შენი ერთი გამოჩენა, ეს იქნება ისეთი დიდი საჩუქარი ყველასთვის და ისეთი დიდი სიკეთე, როგორც მოვლენა, რომელსაც შენ ყველაზე მეტად იცი, რომ ადამიანები ვისაც უყვარხარ და ასეთი ურიცხვია, იმსახურებენ შენგან. ამიტომ ძალიან მინდა, რომ ძალიან მალე გიხილო თავით გადაშვებული შენს საყვარელ საქმეში. ეს, რა თქმა უნდა, არც ერთი წამით არ გაანეიტრალებს შენი განცდის სიმძაფრეს, პირიქით, ეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს ღირსეულ განცდას, რომელიც შენ მთელი ცხოვრება, სამწუხაროდ, უნდა ატარო და ძალიან ცოტა ადამიანი თუ გაიგებს ეს რა არის, მაგრამ მე ვფიქრობ, შენი საქმიანობა, შენი ხალხთან ყოფნა, ეს შენც მოგეხმარება, ჩვენც მოგვეხმარება და საერთო ჯამში ყველაზე მეტად გაახარებს შენს იმქვეყნად მყოფ შვილს, შენს ამქვეყნად მყოფ შვილსა და მთელ ოჯახს.”

ნინო ანანიაშვილი, ბალერინა:

“დაგვაკლდი ყველგან – სულ მესმის მაყურებლისგან. იმას, რასაც შენ აკეთებ სხვადასხვა სფეროში, ტელევიზიაში, თეატრალურში – მნიშვნელოვანია. გვჭირდები. ბალეტშიც კი გვჭირდები. გვჭირდება შენი თანადგომა, შენი პოზიტივი. გვჭირდება იმისათვის, რომ შენ აღზარდო ახალი თაობა. ძალიან გთხოვ, მალე დაგვიბრუნდი, გააკეთე ის საქმე, რასაც შენ აკეთებ და ეს იქნება ჩვენთვის და მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.”

მარიკა კვალიაშვილი, კომპოზიტორი:

“ჩემო ნიკა, ჩემთვის რა ხარ და როგორ მიყვარხარ კარგად იცი. ძალიან გთხოვ, არავითარ შემთხვევაში მწუხარებას არ მისცე თავი. მწუხარება ძალიან, ძალიან მძიმე შედეგებს იძლევა, თუ ჩაგძირა ვეღარ ამოხვალ. ამიტომ, ჩემო ნიკა, იყავი შემართებით შენს ტკივილთან ერთად. შენი ტკივილი ყველას გვტკივა, ჭირსა შიგან ისე უნდა გამაგრება როგორც ქვითკირსაო, ნათქვამია. მე შენი მჯერა, შენ ძლიერი ხარ. შენი გამოსავალი არის ის, რომ დაუბრუნდე შენს საქმიანობას აუცილებლად. ათასობით ადამიანი გელოდება, რა თქმა უნდა, გაგიჭირდება შესვლა პირველად სტუდიაში, მაგრამ ეს უნდა გააკეთო. მე შენი მჯერა, შენი სიძლიერის, მიყვარხარ.”

ავთანდილ ვარსიმაშვილი, რეჟისორი:

“ჩემო ნიკა, ჩემო ძვირფასო, საყვარელო ადამიანო. ძალიან გთხოვ, დაუბრუნდე ეკრანს. დაუბრუნდე იმიტომ, რომ შენ სჭირდები საზოგადოებას, ქართულ თეატრს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩემს თეატრს, ძალიან ბევრ ადამიანს. მესმის, რომ ძალიან ძნელია შენთვის ახლა ეკრანზე გამოჩენა, ძალიან ძნელია სხვა საქმის გაკეთება, მაგრამ უმორჩილესად გთხოვ, დაბრუნდი, იმიტომ რომ გვჭირდები.”

იმედა კახიანი, მსახიობი:

“წელს 40 წელი გახდა, რაც მე ის დიდი უბედურება დამემართა, რაც შენ. ტყუილია, რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო. ამ შემთხვევაში დრო არ მუშაობს. ერთადერთი რაც შეიძლება შენ გიხსნას არის ის, რომ ორი კაცის ცხოვრებით უნდა იცხოვრო – შენი და შენი შვილის ცხოვრებითაც, ყველაფერი უნდა გააკეთო ორჯერ მეტი, რასაც აკეთებდი.”

დათო ევგენიძე, კომპოზიტორი:

“მინდა, ყველაზე მნიშვნელოვანი რამე გითხრა, მით უმეტეს, შენ იცი, რომ მე გავლილი მაქვს ეს ყველაფერი, ეს ტკივილი ჩემს დასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი ხარ სრულიად საქართველოსთვის, არა მარტო შენი პროფესიით, არამედ როგორც ადამიანი. ისე უყვარხარ მთელ საქართველოს, ეს სიყვარული არ უნდა მოაკლო. მგონია, რომ სადაც ჩვენ ვსწორდებით – ცასთან – იქ მართალი ვიქნებით, თუკი შენ შენს იმ სიკეთეს, რასაც ატარებდი მთელი ცხოვრება, ისევ დაურიგებ ადამიანებს, ვისაც შენ უყვარხარ, იმიტომ რომ შენ ეს ყველაზე კარგად გამოგდის.”

მარინა კახიანი, მსახიობი:

“ჩემო მართლაც უძვირფასესო ნიკა, შენ ბევრი სიტყვები გითხრეს ძალიან ჭკვიანმა და ძვირფასმა ადამიანებმა. შენ, გარდა უფლისგან ბოძებული განსაკუთრებული ნიჭისა, ხიბლისა, ხარ საოცრად მოაზროვნე და ღრმა ადამიანი. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი – მართლა გელოდება სრულიად საქართველო. ეს ხომ შენც იცი? უყვარხარ და მათ შენ აბედნიერებ.”

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

“შენ ხარ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ სხვა ადამიანს სჭირდები. არ მინდა ვიყო ძალიან პათეტიური, მაგრამ უკვე მოასწარი იმდენი კეთილი საქმის გაკეთება და იმდენ ადამიანს გაუჩინე მოთხოვნილება, რომ მათ გვერდზე იყო, უნდა მოერიო შენს თავს, შენი ცოლის, შენი სესილის გამო, შენი ოჯახის გამო, მშობლების გამო. გთხოვ, აიყვანე შენი თავი ხელში, ჩემო საყვარელო, ჩემო კეთილო, ჩემო არაჩვეულებრივო ნიკა. უეჭველად უნდა დაუბრუნდე შენს საქმეს, აუცილებლად უნდა დაგვიბრუნდე ჩვენ.”

ეკა კახიანი, მსახიობი:

“ჩემო საყვარელო ნიკა, ჩემო მეგობარო, პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დიდი სიყვარულისთვის, სითბოსთვის და ყურადღებისთვის, რასაც ჩემი ოჯახის მიმართ ყოველთვის იჩენ. გამონაკლისი არ ვიქნები, რადგან ეს განცდა ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. შენ დიდი გულის ადამიანი ხარ, დიდი სითბოსი და სიყვარულის მატარებელი. ძალიან გვიყვარხარ, გელოდებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაუბრუნდები შენს საყვარელ საქმეს.”

ეკა მამალაძე, მომღერალი:

“ჩემო ნიკოლოზ, შენ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ. შენგან ისეთი სიტყვები მახსოვს, ასე იცი ხოლმე: “შენ ჩემს გულში ხარ”. ახლა შენ ხარ ჩემს გულში და მეტს არაფერს გეტყვი – ჩვენ გვჭირდები.”

ნანული სარაჯიშვილი, მსახიობი:

“გენაცვალე მე შენ, იცი როგორ მიყვარხარ და არა მარტო მე, ყველას გვიყვარხარ. მინდა ის საქმე, რაც შენ დაიწყე, ჩემს კოლეგებს, პირადად მე და ყველას, მთელ საქართველოს, რასაც უკეთებ, ის დაწყებული კარგი საქმე ბოლომდე მიიყვანე და ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ აუცილებლად გააგრძელებ შენს საქმიანობას.”

ნანუკა ხუსკივაძე, მსახიობი:

“თუ ყველა სიკეთე, რაც არსებობს დედამიწაზე, გულწრფელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს თესავს, მაშინ ყველა სიკეთე, რაც არსებობს დედამიწაზე უცვლელად უნდა გეკუთვნოდეს შენ. შენი სიკეთე ჰაერივით გვჭირდება ჩვენ – შენს მეგობრებს, სახელოვნებო სივრცეს, ქართულ თეატრს და მთელს ქვეყანას გადაჭარბების გარეშე. ძალიან გვჭირდება ამ სიკეთენაკლულ ეპოქაში. ძალიან გვჭირდები, გვიყვარხარ, ჩემო გადასარევო ბიჭო.”