13 მაისი, 2022

ეკა სამხარაძის საოცარი ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში

15 მაისს 18:00 საათზე ხელოვნების სასახლე ეკა სამხარაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს!

ეკა სამხარაძე ტიხრულ მინანქარზე მუშაობს 20 წელზე მეტია. მისთვის თავდაპირველად ეს საქმიანობა მხოლოდ გართობა გახლდათ, შემდგომ კი ჰობად ჩამოყალიბდა. ეკა სამხარაძე პროფესიით არ გახლავთ მხატვარი, თუმცა ის შეუდარებლად ახერხებს არტისტული ნამუშევრების შექმნას. მან საქმიანობა დაიწყო სამკაულის ნაკეთობებით და მის მიერ შექმნილი ნიმუშები ბევრ ქართველ თუ უცხოელ გამოჩენილ პირს აქვს, მაგალითად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ბევრი ქვეყნის მუსიკოსსა თუ მომღერალს, ჯო კოკერს, ალენ დელონს და ა.შ.
ეკა სამხარაძე უკვე 3-4 წელია რაც დეკორატიულ შერეული ტექნიკით დამზადებულ ქანდაკებებს აკეთებს და ამ გამოფენაზე ძირითადად მსგავსი ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

„ტიხრული მინანქრის სამკაულით ქართული ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია, ხოლო რაც შეეხება დეკორატიულ ქანდაკებებსს მინანქრით – შეიძლება ითქვას რომ ამ მიმართულებით პირველი ვარ. ბევრი ქვეყნის გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ეს გახლავთ ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი კულტურის სამინისტროსა და გიორგი კალანდიას, რადგან სწორედ მისი ინიციატივით იმართება ჩემი პერსონალური გამოფენა. მიხარია რომ მყავს კარგი მოწაფეები და რაც მთავარია მყავდა უნიჭიერესი პედაგოგი – ირაკლი მეგრელიშვილი. ამაყი ვარ რომ ქართველმა ხალხმა მოიწონა და დააფასა ჩემი შრომა… დიზაინერებისათვის ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს და შემდგომშიც ვეცდები რომ თქვენი იმედები გავამართლო.“ – აღნიშნავს დიზაინერი ეკა სამხარაძე.