ბესიკ ხარანაულის გამორჩეულად ნათქვამი

ბესიკ ხარანაულის გამორჩეულად ნათქვამია ჩანაწერი, რომელიც მისი მეზობლის დარდისაგან ცხოველად ქცევას ეძღვნება შვილის გარდაცვალების გამო:

“ჩემი მეზობელი დარდისაგან ცხოველი გახდა,
ჯერ ხომ მხოლოდ მთვრალი ბღაოდა
თავის მკვდარი შვილის სახელს,
ახლა ფხიზელიც.
– აბიათარ!..
დაიბღავლებდა,
ცხოველივით თავაშვერილი.
ჩემი მეზობელი დარდისაგან ცხოველი გახდა,
ჯერ ხომ თვითონაც აფხიზლებდა თავის ბღავილი,
ახლა ესეც დაეკარგა
და ხალხში თუ საქმეში თუ სუფრაზე სადმე,
– აბიათარ!..
დაიბღავლებდა
უნებლიედ ამომსკდარივით.
ერთხელ იყო, ერთადერთხელ,
სახერხს როცა ამუშავებდა,
კბილებით რომ დაეჭიდა იმ თავის ბღავილს
და სახერხმა რომ გადააჭრა ხელის თითები…

ჩემი მეზობელი დარდისაგან ცხოველი გახდა.
კი არ ემსგავსა, როგორც ხშირად ვიტყვით
ხოლმე ადამიანზე,
როგორებიც ბევრნი ყრიან ამ ჩვენს სოფლებში –
ცხოველი გახდა,
შეაგინა ადამიანი,
იმის წესი, იმის კანონი,
ვერგაძლება და
ღიად დარჩენილი ჭურჭელივით დარდის კლება
დროის წინაშე.

ჩემი მეზობელი დარდისაგან ცხოველი გახდა
და ამიტომაც ჰაერი და სივრცე უკვე მეტი სჭიროდა.
განწირულობამ ჯერ სახლიდან გაიყვანა,
მერე სოფლიდან,
თითქოსდა ხელში უხილავი რუკა ეპყრა
თავის ბიჭის ფათერაკების.
ანდამატივით იზიდავდა ჭალა-მინდვრები,
მთა და მდინარე, სოფლის გზა და ტყის ბილიკები…
ღმერთო ჩემო, სად არ არის
სოფლელ ბიჭის ნაფეხურები.
ბნელ ღამეში ბრუნდებოდა ნაძრომიალ-ნაგორავები,
ტალახიანი, ეკლიანი, ამოწუწული,
მოჰქონდა ჩიტის ბუდეები,
მოიყვანა მწყრის ჩოჩორიც კი…
შეიძულა სახლი სრულად, თავზემოთ ჭერი,
შეითვისა ჩალის ძირები,
თან, ვითომდა, ცხოვრებასაც არ ეშვებოდა,
არც რომ საქმე ეშლებოდა, არც რომ სათქმელი,
მაგრამ მაინც იმის გვერდით აღარავის ედგომებოდა.

ცოლი ჰყავდა, უფროსი ბიჭი,
ისინიც ლამის უკან გაჰყვნენ თავის სადარდელს –
ძმა ასკდებოდა ზედ ყველაფერს რაც მძიმე იყო,
დედამ დაგავა ყველა გზა და ყველა ბილიკი,
ძმამ დაბარა, დედამ – გათოხნა,
ძმამ გათიბა, დედამ – ახვეტა
და არაფერი რომ არ დარჩათ მოურევნელი
მაგრამ დარდს კი ნაფოტიც ვერ შეაგდებინეს,
წავიდნენ მერე,
განწირულებამ გადაყარა სხვადასხვა გზაზე.
და ამანაც თავისუფლად ამოისუნთქა:
ხარივით თავს წინ წაიგდებდა
და დილა-ბნელში… აბიათაარ!..
წავიდოდა ბღავილ-ბღავილით.
– აბიათარ!.. მიწაზე, ცაში…
ღმერთო ჩემო, სად არ არი სოფლელ ბიჭის
სამალავები.

და მიდიოდა,
თითქოს შვილის სახელს მისდევდა,
ჩიტივით წინ რომ მიუხტოდა და
ვერ იპყრობდა,
მაგრამ არ სწყინდა,
– აბიათაარ!.. ვერ ეწეოდა,
– აბიათაარ!.. არ იღლებოდა
და ერთხელაც,
სადაც წყდება ყველა საზღვარი,
თავის ძახილს შეერწყა და
დაიკარგა აწ და მარადის.”