10 მაისი, 2022

აუცილებლად წასაკითხი კონსტანტინე გამსახურდიასგან

კონსტანტინე გამსახურდია ის მწერალია, რომელიც ყოველდღიურად უნდა ვიკითხოთ.

მისი შვილიშვილი – უმცროსი კონსტანტინე გამსახურდია ბაბუის დაბადების დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საინტერესო წერილს გვიზიარებს:

“15 მაისი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა, იგი 131 წლის წინ მოევლინა ქვეყანას. გადავწყვიტე 15 რიცხვამდე რამოდენიმე პოსტი მივუძღვნა. დავიწყებ ამით – იგი გამახსენა მარიუპოლში “აზოვსტალის” კომენდანტის, პალამარის ორმა ფოტომ, ომამდე და ახლა გადაღებულმა.

„კაცი, რომელიც ვეღარ იცინის“ – “დიონისოს ღიმილის” ამ კაპიტელის სათაური ცხადია, ალუზიაა ვიქტორ ჰიუგოს რომანის სათაურზე (“კაცი რომელიც იცინის”) აქაა დიდი ევროპული ომის მთელი ტრაგიკა.

“ოქტომბერი უმშვენიერესი დროა პარიზში. წაბლის ხეივნები შეიქარვება. შრიალებს ფეხქვეშ ფოთლების ფარჩა. ო, შემოდგომის მწუხარებავ სხვის ქვეყანაში! გული პარკებისაკენ მიიწევს. ლუქსემბურგის პარკში, ჰორტენზიების ჩირგვთან, ყოველდღე ვხედავ ერთ ინვალიდს.

ცალ ხელში ბამბუკის ყავარჯენი უჭირავს. ორივე ხელოვნური ფეხი – სიარულში კიდევ ეტყობა: მხედარი ყოფილა. იგი განგებ გაურბის იმ სკამებს, რომელზედაც სხვები სხედან. თითქოს რაღაც ჩუმი შეთანხმების გამო, პორტენზიების ჩირგვთან რომ მწვანე სკამია, იმაზე არავინ ჯდება. ბეღურების მთელი ლაშქარი მუდამ თან დასდევს მას. ჩამოჯდება თავის მწვანე სკამზე, იღებს ჯიბიდან ხორბლის მარცვლებს, წივწივით, ფრთების ფარფატით მოფრინდებიან ბეღურები… ადგება. აიყრებიან ჩიტებიც.

ვინ არის ნეტავ ეგ კაცი? ნუთუ სხვა საქმე არა აქვს ამ ქვეყანაზე? ვკითხულობ ჩემთვის უნებურად. მე არ შემიძლია, პირდაპირ შევხედო დამახინჯებულ ადამიანს, ამიტომაც გავურბივარ მას.

ერთ დღეს ყველა სკამი დაკავებული დამხვდა. იგი ჩვეულებრივად მარტო იჯდა. ცოცხალთა შორის უფრო მახინჯი ჩემს დღეში არ შემხვედრია, წარბები და თმა გადაუტრუსავს გაზებს, ცხვირი სავსებით მოჭმული აქვს, ამოკერილ პირიდან პატარა, ლითონის მილი მოუჩანს; სახე არაჩვეულებრივად წითელი. თითქოს ერთკეცი ტყავი გადაუძვრიათო. თვალების მეტი არაფერი უგავს ადამიანს, მე ვამჩნევ ლეჟიონ დ’ონორის ორდენს მის მკერდზე.
ძლიერ თავმომწონედ უჭირავს თავი, ნიშნებზე ეტყობა: კაპიტანი უნდა იყოს. მის ფერხთით კვლავ აუარებელი ბეღურაა – იგი ხანგამოშვებით საკენკს უყრის. ჩიტუნები აღტაცებული ჭყიპინებენ, ხტიან, ცელქობენ, ერთი–მეორეს ლუკმას სტაცებენ პირიდან. ზოგი მოურიდებლად უახლოვდება მას. რა თავხედებია დიდი ქალაქის ჩიტებიც! ვის არ გაეცინება მათ ცუღლუტურ ციგლიგზე, ინვალიდი ზის და უყურებს. სახეზე საშინელი სერიოზულობა ეტყობა, თითქოს მარნაზე, ან სუასონზე კომანდობდეს თავის ათასეულს. მე დიდხანს ვერ ვჩერდები მის ახლოს.

საშინელი უძილო ღამეები! ღამღამობით იმ მახინჯ კაცზე ვფიქრობ ლუქსემბურგის პარკში რომ დადის მარტოკა. ასე მგონია, იგი თავზე შემოუვლია მთელ ქვეყანას. მას ადამიანებისთვის გაუწირავს თავი; მაინც ყველა ერიდება მასთან ახლო ყოფნას.

ნეტავ თუ ვინმე ჰყავს დედა, ან ცოლი? სიხარული თუ აქვს გულში, ან იმედი? ყველანი შორიდან უყურებენ. ყველა მასზე ბედნიერია… ხშირად გადავწყვეტ მივიდე, ვკითხო… ან როგორ მეტყვის, თუ რა გადახდა ბელფორზე, მარნაზე, ან სუასონზე.

მინდა, წავიდე ლუქსემბურგის პარკში, მოვნახო, მდაბალი სალამი მივცე, ვეტყოდე მაინც: ძმაო ტანჯულო, უცნობო გმირო! მე არ ვარ გმირი, გმირი ხალხის ვარ ნაბოლარა… მაგრამ, მუდამ დუმილით ჩავუვლი გვერდს….”