8 მაისი, 2022

აკაკი ხორავას გამორჩეული ამბავი

თეატრისა და კინოს ლეგენდას აკაკი ხორავას გამორჩეული ამბავი მის 70 წლის იუბილეს უკავშირდება.

1965 წელს მთელი საქართველო მსახიობის 70 წლის იუბილეს ზეიმობდა. ერთ-ერთი დიდი ღონისძიება ფოთში უნდა ჩატარებულიყო. მასში რუსთაველის თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ. ისინი თვითმფრინავით უნდა ჩასულიყვნენ ქუთაისამდე და შემდეგ კი მანქანით ფოთამდე.

თვითმფრინავში 3 ადგილი აღმოჩნდა თავისუფალი, მსახიობი კი 4 იყო. მფრინავმა კატეგორიული უარი განაცხადა, ბორტზე ერთი კაცით მეტი აეყვანა.

საქმეში თბილისის აეროპორტის დირექტორის მოადგილე ჩაერთო. იგი თვითმფრინავში ავიდჟა და მგზავრებს სთხოვა საგანგებო მდგომარეობის გამო, ვინმეს კუთვნილი ადგილი დაეთმო, მას შემდეგი რეისით ქუთაისში აუცილებლად გადააფრენდნენ… მგზავრებში ჩოჩქოლი ატყდა…

ამ დროს ფეხზე წამოდგა ლამაზი და ახოვანი ვაჟკაცი და დაიძახა: „ბატონი აკაკი ხორავას გულისთვის, სკამს კი არა სულს დავთმობ!“, ჩანთას ხელი დაავლო და თვითმფრინავი დატოვა.

როდესაც მსახიობებს გვერდით ჩაუარა, მადლობაც არ ათქმევინა, ხელი აუწია და ომახიანად შესძახა – „დღეგრძელობა აკაკი ხორავას!“