25 მაისი, 2022

აკაკი ბაქრაძე ერეკლე მეორეზე

პუბლიცისტ აკაკი ბაქრაძის შვილი, ლაშა ბაქრაძე მამის მიერ მეფე ერეკლე მეორეზე დაწერილ წერილს გვიზიარებს:

“ერეკლეზე მამაჩემის აზრიც მინდა შემოგაშველოთ. ეს დიდი სტატიის “პანეგირიკის სიცივე” ბოლო, დასკვნითი ნაწილია. (აკ. ბაქრაძე. რვატომეული. ტ.5, 341-343). 1978 წელს დაწერილ სტატიაში გაკრიტიკებულია ალექსანდრე კალანდაძის რომანი ერეკლესა და ანტონ კათალიკოსზე “ნეიშნის ფიცი”:

“1792 წელს დასავლეთ საქართველომ ერეკლეს მიმართა წინადადებით, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები გავაერთიანოთო (მართალია, ეს ანტონის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს). სამ დღეს გრძელდებოდა ამ საკითხზე ბჭობა, მაგრამ ბოლოს ერეკლემ უარყო შეერთების თხოვნა (ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, გვ. 466). დიდი ეროვნული საქმე ჩაიშალა იმ კაცისავე ხელით, ვინც ადრე ამ ერთიანობის ფუძის ჩამყრელი იყო. თუ რატომ მოხდა ეს, ამის პასუხს, ჩემი აზრით, იძლევა მზეჭაბუკ ორბელიანის სიტყვა, რომელიც ბჭობაზე წარმოითქვა.

„ნუ ჰყოვნი, მეფეო! მეფე ერისათვის და არა ერი მეფისათვის. ერი იმერთა ითხოვდა ერთობასა და კავშირსა, ვითარ ეტყვის მეფე უარსა? რისთვის არ მიიღებს თხოვნასა? ვიცი და მესმის ჰაზრი თქვენი, მეფეო: ვითარ მოუღო მეფობა შვილიშვილსა ჩემსა? ესრეთი ჰაზრი უეჭველად არის უბედურებითი იმერთათვის, უსარგებლო ქვეყნისათვის, დამღუპავი ქვეყნისა. ვითარ მოეღო მეფობა ქართლისა მეფეთა და რაი დაჰკარგა საქართველომან დაკავშირებითა ქართლისა და კახეთისა? ვითარ მოეღო მეამბოხეთა არაგვისა ერისთავთა საერისთავო არაგვი? ვითარ მოეღო საუკუნოდ ქსანი ქსნისა ერისთავთა? ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობასა, ძლიერება მეფობისა არის ერთა დაკავშირება“.

თუ ამ სიტყვას ღრმად დავაკვირდებით, ორ ერეკლეს დავინახავთ.

პირველი: ერეკლე, რომელიც ქართლ-კახეთს აერთიანებს, აუქმებს ქსნისა და არაგვის საერისთავოებს, რადგან ისინი ერთობას უშლიან ხელს.

მეორე: ერეკლე, რომელიც შეცვლილა, შეშინებულა და ფეოდალურ პარტიკულარიზმს დამორჩილებია: „ვითარ მოუღო მეფობა შვილიშვილსა ჩემსა“.

ხედავთ, გასულა დრო და ერეკლე მეორე თავისივე დაწყებული საქმის, თავისივე იდეის დაბრკოლებად გადაქცეულა. იგი ჩამორჩენია დროს, შეგნების ამაღლება-განვითარებას. რისკენაც ადრე იგი სხვას მოუწოდებდა, ახლა მას უხმობენ, მაგრამ ამაოდ. ერეკლე დროს ალღოს ვეღარ უღებს.

განათლებული საქართველოს აბსოლუტური მონარქიის შექმნის საქმე წინ რომ წავიდეს, უკვე აუცილებელია ერეკლეს გზიდან ჩამოცილება. ტახტი სხვას უნდა მიეცეს. მაგრამ ეს ფიქრი მკრეხელობად ითვლება. ერეკლე უკვე გაფეტიშებულია. უმისობა ქვეყნის დაქცევად მიაჩნიათ. თუმცა მზეჭაბუკ ორბელიანი საოცარ ფრაზას ამბობს – „მეფე ერისათვის და არა ერი მეფისათვის“. ეს რევოლუციონერის მოწოდებაა. იგი თეორიულად ერეკლეს უარყოფას ნიშნავს, მაგრამ პრაქტიკულად მისი განხორციელება ვერ წარმოუდგენიათ.

გაფეტიშებამ დაუკარგა ერეკლეს უტყუარი ინტუიცია და სწორი განსჯის უნარი. იგი გადაიქცა საკუთარი ავტორიტეტის მონად.

ეს არის ერეკლეს პიროვნების და მეფობის ტრაგედია.

ეს არის ანტონის ტრაგედიაც, რადგან იგი იყო ერეკლეს კულტის შემქმნელი, მისი გამფეტიშებელი. თავად ალ. კალანდაძე ამბობს – „ვერ დავფარავთ: ჩვენ არ ვიცით სხვა მაგალითი, რომ ეკლესიის უზენაესი მეთაური ასე უსაზღვროდ აღმერთებდეს საერო ხელისუფალს, როგორც ანტონი თავის ლექსებში ერეკლეს ადიდებს; კათალიკოსი კი არა, ანტონი, თითქოს ერეკლეს კარის პოეტია“.

ანტონმა გააფეტიშა არა იდეა, არამედ პიროვნება. პიროვნების გაფეტიშება კი ყოველთვის იწვევს იდეის მარცხს, რადგან აღარ ხდება პიროვნების საქციელის და მოქმედების განსჯა. ადამიანები ბრმად ემორჩილებიან და მიჰყვებიან ავტორიტეტს და არა განსჯის შედეგად მიღებულ ლოგიკურ დასკვნას. ანტონი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ შეამჩნია მისგან კერპად გადაქცეული ერეკლე, როგორ გახდა დაბრკოლება, ბორკილი წინსვლის გზაზე. ამიტომ მივიჩნიე ზემოთ კრახის საფუძვლის ჩამყრელად ანტონიც.

ამ აზრმა შეიძლება ცხარე კამათი გამოიწვიოს. ეს არ იქნებოდა ურიგო, რადგან ერეკლეს ფეტიშიზმის ინერცია დღესაც გრძელდება. იგი აირეკლა „ნეიშნის ფიცშიაც“. მივუზღოთ ყველას დამსახურებისამებრ, წარსულის მოღვაწე იქნება იგი თუ აწმყოსი. ნურც ნურას დავაკლებთ და ნურც ნურას მივუმატებთ. მაგრამ უპირველესად დავინახოთ ადამიანი თავისი ღირსებითა და ნაკლით, რამეთუ ჯერ არ არსებულა პიროვნება უცდომელი და უცოდველი.

ზუსტად ამბობს შალვა ნუცუბიძე – „ანტონი არც ნიჰილისტურ დამცირებას და არც პათეთიკურ განდიდებას არ საჭიროებს“. ეგევე ითქმის ერეკლე მეორეზეც. ალ. კალანდაძემ კი რატომღაც ორივესადმი პანეგირისტის დამოკიდებულება ირჩია. არ გაითვალისწინა ის, რომ პანეგირიკული განდიდება და ნიჰილისტური დამცირება საბოლოოდ ერთნაირ შედეგს იძლევა. ხელიდან გვეცლება ადამიანი და გვრჩება სქემა. ბუნებრივია, სქემა არ იწვევს ემოციურ დამოკიდებულებას, არ აღძრავს სიყვარულსა და ინტერსს. გვტოვებს გულგრილს.”