7 აპრილი, 2022

ვასო გოძიაშვილისა და გიორგი შავგულიძის ამბავი

მსახიობები ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე მარჯანიშვილის თეატრში თამაშობდნენ სპექტაკლში, სადაც გიორგი შავგულიძე თეთრგვარდიელი იყო, ვასო გოძიაშვილი კი – წითელარმიელი.

მათ ისტორიას ჯემალ ანჯაფარიძე იხსენებდა:

“ვასო გოძიაშვილის პერსონაჟს გიორგი შავგულიძის პერსონაჟი პირველივე აქტის დასაწყისში კლავდა.
თურმე ბატონ ვასოს მატარებელზე ეჩქარებოდა, იმ დღეს რაიონში ჰქონდა გამოსვლა და გიორგი შავგულიძეს სთხოვა, კულისებთან ახლოს მომკალიო, რომ კულისებში გადავარდნილიყო და ეგრევე მატარებელზე გაქცეულიყო.

რა თქმა უნდა, გიორგი შავგულიძე დაეთანხმა. დაიწყო სპექტაკლი, მოვიდა მათი შებრძოლების სცენა და ესროლა გიორგი შავგულიძემ შუა სცენაზე ვასო გოძიაშვილს. რაღას იზამდა ბატონი ვასო, დაეცა… არადა, მატარებელზე აგვიანდება.

მოქმედებამ სპექტაკლში სხვაგან გადაინაცვლა და ბატონმა ვასომ გადაწყვიტა დაჭრილივით, მძიმედ, ფორთხვით მისულიყო კულისებამდე. გიორგი შავგულიძემ მისი მოძრაობა შეამჩნია და იმპროვიზაციას მიმართა – კიდევ ცოცხალია ეს ძაღლი? – დაიყვირა მან და წითელარმიელ ვასო გოძიაშვილს რამდენიმე ტყვია დაახალა.

ამის შემდეგ, ვასო გოძიაშვილი აღარც განძრეულა…”