30 აპრილი, 2022

სესილია თაყაიშვილი გიორგი შავგულიძეზე

ლეგენდარული მსახიობები სესილია თაყაიშვილი და გიორგი შავგულიძე წლების განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრში პარტნიორები იყვნენ.

ამბობენ, რომ გიორგი შავგულიძის სანახავად მაყურებელი სპექტაკლზე რამდენჯერმე მიდიოდა.

სესილია თაყაიშვილი მასზე საუბრისას ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდა გრიმზე მუშაობის პროცესს:

“გიორგი ყველა როლისთვის გრიმს თვითონ იკეთებდა, საგრიმიოროც კი საკუთარი ხელით აიშენა კულისებში.
წარმოდგენაზე ორი საათით ადრე მოდიოდა, ჩაიკეტებოდა ოთახში, ველოდით კარის გაღებას, რადგან ვიცოდით, ამ კარიდან მსახიობის რომელიმე გმირი გამოვა – კეისარი ან ხარიტონი, საიათნოვა ან ყორჩი-ხანი – აუცილებლად საინტერესო გარეგნობის, ისეთი პლასტიკის, რომლის გამოძერწვაც ქართულ თეატრში მხოლოდ გიორგი შავგულიძეს – გრიმის დიდოსტატს, ყოველ წვრილმანში დაუზარელს, სამოსელის საკუთარ სხეულზე მორგების ჯადოქარს შეეძლო…”