27 აპრილი, 2022

საუკეთესო წერილი თენგიზ არჩვაძეზე

მსახიობი თენგიზ არჩვაძეზე არაერთი ძალიან კარგი წერილი დაწერილა, თუმცა მისმა კოლეგამ, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ჯემალ მონიავამ ლეგენდარულ ხელოვანზე განსაკუთრებული ჩანაწერები დაგვიტოვა:

“სიზმრად ნანახი კაცი” (ფრაგმენტები)

“კარგა ხნის წინათ ერთმა ახლობელმა სიზმარი გამანდო:

– მესიზმრა, საშინელი თოვლ-ჭყაპი იყო. ხალხით გაჭედილი ქუჩაში ორმოს პირზე ფეხი დამიცდა და წელამდე წუმპეში ჩავარდი. ვყვირივარ, ვიხვეწები და ხალხს არ ესმის ჩემი ვედრება. თითქოს ვერც ხედავს ჩემს წამებას, სასოწარკვეთილი შევბღაოდი ქვეყნიერებას და ამ დროს, ხალხს უცებ თენგიზ არჩვაძე გამოეყო, დაიხარა, ხელი ჩამჭიდა, ამომათრია, მომიარა, მომიალერსა, გზაზე დამაყენა და მკითხა:

– შინამდე მისვლა ხომ არ გაგიჭირდებათ?

მადლობა გადავუხადე. მივდიოდი მტკივანი ფეხის ფრატუნით, თან უკან ვიხედებოდი. იდგა კარგა ხანს, მიყურებდა ალერსიანი, მზრუნველი თვალებით. იქნებ კიდევ დასჭირდეს ჩემი მიხმარებაო. ასე იდგა, ვიდრე ხალხს არ შევერიე.

იმ სიზმრის მნახველი კაცი თენგიზ არჩვაძეს არც იცნობს. მასთან არავითარი პირადი კონტაქტი არა ჰქონია. არასოდეს არ გამოლაპარაკებია, ხელი არ ჩამოურთმევია, უბრალოდ გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის ცნობიერებამ, სიზმარში ამოუტივტივა პიროვნება, რომელიც ზნეობრივი, მაღალი მორალური თვისებებით იქნებოდა აღჭურვილი. ეს კაცი თენგიზ არჩვაძე გამოდგა.

ვგონებ, ეს ბედნიერებაა.

ბედნიერებაა დადიოდე ქვეყნად ჩუმად, უხმაუროდ და შენდა უნებურად უყვედრებელ, უანგარო, წინასწარ მოუფიქრებელ სიკეთეს აფრქვევდე. ასეთია თენგიზი.

მის ღიმილს განზომილება არა აქვს – უკიდეგანოა და ხალასი.

მისი ხელის ჩამორთმევა ადამიანური სითბოს გადმომდებია.

მის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო საოცარი პოეტური ოდაა.

* * *

თენგიზ არჩვაძეს ქართულ სცენასა და ეკრანზე წილად ხვდა გმირის, წინამძღოლის, ერისკაცის, მეფის და მოქალაქის განსახიერება.
ესეც ბედნიერებაა.
ამ ბედნიერებას ყველა მსახიობი ვერ შესწვდება. ამისათვის, ნიჭთან და გარეგნობასთან ერთად, საჭიროა პირადი, მოქალაქეობრივი, მამულიშვილური და ზნეობრივი თვისებები. ყველა ეს თვისება აუცილებლად საჭიროა, რომ ერის წინაშე წარდგე არსაკიძედ, ალუდა ქეთელაურად, მეფე ალექსანდრედ, ერეკლე მეორედ, ინჟინრად, მეცნიერად თუ მხატვრად.

თენგიზ არჩვაძეს თავად აქვს ლიტერატორისა და მხატვრის ალღო და თვალი. შრომისგან დაცლილ-გამოფიტულს ნიჭის ასავსებად შეუძლია მარტოდმარტო გადავიდეს თუშეთში.
ეს მიწის სიყვარულია.
ერთხელ ასეთი რამ თქვა: – “დათვის ჯვარზე კესანესავით ხევსურის გოგო იდგაო”.
ეს ლიტერატურის ნიჭია.

თბილისიდან მცხეთისაკენ მიმავალი ვერ ისვენებს. თავს ვერ იოკებს. აი, ამ ბილიკებით დადიოდა ვახტანგ გორგასალი თბილისისაკენ სანადიროდო. ზაჰესის წინ აზიდული თხემისაკენ გაგახედებს, გველეშაპის ნაწოლივით ბალახმოუდგმელ გზას დაგანახვებს, აქ გადიოდა ევროპისა და აზიის შემაერთებელი საქარავნო გზაო. მერე მოგიყვება, ებრაელმა ძმებმა როგორ ჩამოიტანეს ქრისტეს პერანგი მცხეთაში. იმ წვეროკინს გაჩვენებს, გაცისა და გაიმის კერპები რომ დაიწვა. იმ ადგილზე ჩაგიყვანს, ნინოს შეგონებით, მირაინ მეფემ მცხეთელები რომ დანათლა. სვეტიცხოვლის ეზოში კი ხმა ჩაუწყდება. აღარ ისმის მისი ბუბუნი, აღარ ბორგავს, აღარ ხმაურობს. დადის გაყურსული, აღერილი თავით და თითქოს ხელახლა ეძებს არსაკიძის მოჭრილ მარჯვენას, თვალს ჩამოავლებს ჩუქურთმების ჩხებს და როცა მიაგნებს, თვალები დაეცვარება.

უცებ შეუძლია მოიწყინოს. სიცილიდან უცებ შეუძლია ცრემლის ფრქვევაზე მიდგეს. ასევე შეუძლია უცებ დაიწყოს ვაჟას კითხვა, ილიას კითხვა, გალაქტიონის კითხვა, თუმცა თავი არასოდეს გამოუდვია – მკითხველი ვარო.

რაც შეუქმნია, სიყვარულით შეუქმნია. მოჭრილი მარჯვენის ფასად შეუქმნია. ამიტომაც შეუგრძვნია მაყურებელს, ამიტომაც გამოცხადებია სიზმრად სუფთა კაცი, უმწიკვლო კაცი.

არასოდეს დამავიწყდება 1979 წელს მარჯანიშვილის თეატრის საიუბილეო საღამო ფილარმონიის დიდ დარბაზში. ჩემს გვერდით იჯდა, როცა საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდებებს აცხადებდნენ, დაასახელებდნენ გვარს, ატყდებოდა ტაში, ზოგზე – მეტი, ზოგზე – ნაკლები. ამ დროს თენგიზ არჩვაძის გვარი გამოაცხადეს. წარმოუდგენელი რამ მოხდა, გეგონებოდათ, სადაცაა ჭერი ჩამოინგრევაო. ხალხი ფეხზე წამომდგარი, ყიჟინით სცემდა ტაშს. ცრემლი მომადგა, ტანში გამცრა. ალალ იყოს. ეს ჭეშმარიტად სახალხო აღიარებაა!

ბევრჯერ აღვფრთოვანებულვარ მისი როლებით. ხშირად გვერდითაც ვმდგარვარ, გადმომდებია მისი სითბო და სიმხურვალე… მაგრამ რა სიხარულიც ილიას როლის განსახიერებით მომანიჭა, ღმერთმა მრავალგზის გამიმეოროს ქართულ თეატრში.

აქ გამოანათეს მისმა შესაძლებლობებმა.

ამ როლში მოიყარა თავი ყველა მისმა არტისტულმა და მოქალაქეობრივმა თვისებამ. არცერთი ზედმეტი მოძრაობა, არცერთი თვალში საცემი ჟესტი.

დგას სცენაზე ერის წინამძღლი – მოხდენილი, ლამაზი, დარბაისელი, დინჯი, დაფიქრებული, თვალებში სევდაჩამდგარი, ილიას აზრის სიღრმით აკიაფებული და გადმოუქუხს თერგის ღრიალი, მისი ტალღების უკიდეგანო სრბოლა. ხელში სანთლებით დახუნძლული შანდალი უჭირავს ამ თერგდალეულ კაცს, ნიშანი ნათელისა, განათლებისა, გარეთ გასვლისა და ეღვენთება სანთლის წვეთები მხრებზე, გულისპირზე, ხელებზე. ცხელია ახალგამდნარი სანთლის წვეთი. საკმარისია თითზე დაგეცეთ, აუტანელ ტკივილს მოგაყენებთ. თენგიზი კი დგას გოლგოთაზე – სცენაზე უხვად ეღვრება გავარვარებული წვეთები და იწვის. იწვის სანთლებთან ერთად, თავად სანთლად ქცეული. იმიტომ, რომ ილიაა და თუ არ დაიწვა, ბნელს ვერ გაანათებს. მერე კი საგრიმიოროში, ცივი წყლის ქვეშ კარგა ხანს უჭირავს ხელის მტევანი, ტყლაპად ქცეულ სანთლია ნაღვენთებს იცლის თითებიდან და ბედნიერია. ბედნიერია, რომ კიდევ ერთხელ დაიწვა.

არსაკიძის მოჭრილი მკლავის ფასად არის ნათამაშები ბევრი მისი როლი.

ერთხელ, დიდი ხნის წინათ, როცა ჯერ კიდევ ბევრს არ ჰქონდა მოვლილი თუშეთის ბილიკები, თენგიზმა თუშეთიდან ჩამოიტანა ფრაზა, რომელიოც დღეს, ოდნავ შეცვლილიც კი, ხშირად გვესმის. მახსოვს, სუნთვა ეკვროდა, აღტაცებული ყვებოდა:

– შენაქოში, საფლავის ქვაზე, ზედ მიწის პირზე ასეთი რამ წავიკითხე: “ვინამ თქვა თუშთა გალევა, ნაპირმოტეხა ცისია-ო”. როგორი აღფრთოვანებული იყო ამ ლაკონური ფრაზის სიდიადით და ყოვლისმომცველობით!

არ მოატყდება ნაპირი თენგიზ არჩვაძის შემოქმედებით ცას, ვინაიდან ძარღვმაგარია ქართულ სიტყვასავით. ფრთამოხატულია გაზაფხულის ფერებივით, ქედმაგარია და ქარაფის სიმტკიცე აქვს. არ მოტყდება, რადგან სიზმრად ნანახი კაცია უკვე…”