10 აპრილი, 2022

საუკეთესო წერილი ლია ელიავაზე

გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მსახიობ ლია ელიავას ეტრფოდა ყველა – დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ნაცნობი თუ უცნობი…

ლელა ანჯაფარიძემ ლია ელიავას საუკეთესო წერილი მიუძღვნა:

“ასი წელი გავა…
სილამაზეს ჰქვია
გვარად ელიავა
და სახელად ლია…” – მშვენიერი და განუმეორებელი ლია ელიავა…

სწორედ ასეთი ქალების გულისთვის იქმნებოდა საუკეთესო ნაწარმოებები, ჩაღდებოდა ომები, იდებოდა ზავები, იშლებოდა და იქმნებოდა ახალი იმპერიები…

ლია ელიავა სულ რაღაც 2 სართულით მაღლა ცხოვრობდა და ალამაზებდა არა მხოლოდ ჩვენს სადარბაზოს, ეზოს და თბილისს, არამედ მთელ სამყაროს…

სილამაზეს ხომ საზღვრები არა აქვს… თანაც, როცა ამ სილამაზეს რაღაცა სხვანაირად საოცარი სათნოება, სიფაქიზე, სითბო და შინაგანი ხიბლი დაჰყვება…

თუ დამიჯერებთ, ბინიდან რომ გავდიოდი, ვიცოდი, ლია ელიავამ დამასწრო თუ არა, რადგანაც კიბეც კი ლამაზდებოდა მის ეშხიან ჩამორბენასთან ერთად…

რა თქმა უნდა, არავითარი სუნამო აქ შუაში არ იყო…

დღეს იძახიან – აი, ჰოლივუდში რომ დაბადებულიყო, ისეთ წარმატებას მიაღწევდაო, „ოსკარებსო“ და ასე შემდეგ…

სავარაუდოდ, მიაღწევდა, მაგრამ არავის ასე ძალიან, მუდმივად, დაუღლელად და უღალატოდ არ ეყვარებოდა ისე, როგორც საქართველოში…
მან ერთი კი არა, ყველა ჩვენგანის გულის „ოსკარი“ მიიღო…
საოცარი ღიმილი და სიცილი ახასიათებდა…

ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ…
ერთხელ მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, მაკა მეძმარიაშვილმა ვიჩხუბეთ და გაბუტულები ვიდექით ეზოში… ასე 10 წლის ვიქნებოდით. ამ დროს ოთარ კობერიძე და ლია ელიავა გამოვიდნენ სადარბაზოდან… მსგავსი სილამაზე არც გენახოთ!!!
ხოდა, მაკა მივარდა ოთარ ბიძიას და იცით, როგორ გადამიხადა სამაგიერო – “ოთარ ბიძია, თქვენ ლელას უყვარხართო” და გაიქცა სახლში (იცოდა, რომ მოვკლავდი)…
სანამ მაკას მოვკლავდი, მე თავად კინაღამ მოვკდი სირცხვილით…
ოთარი დაიბნა… ლიას კი თვალები აუციმციმდა, ჩამეხუტა და იმდენი იცინა, რომ მაკაც გადამირჩა…

ლია ელიავას მართლა ყველა ეტრფოდა, ყველას მასავით ნიჭიერი და ლამაზი უნდოდა ყოფილიყო. ის კი ამ დროს იყო საოცრად უამბიციო, უბრალო, გულწრფელი და უაღრესად კეთილმსურველი ადამიანი – ზუსტად ისეთივე, როგორიც მისი მზისა და მთვარისა „ბაში აჩუკიდან“.
დღეს ერთი საიდუმლო უნდა გაგანდოთ, არა, რა თქმა უნდა, ეს „ვითომ საიდუმლოა“, თორემ თქვენც კი ვერ გაგანდობდით, რადგან ჩემი არ არის……
თურმე, ჩემს მამიკოს ლია ელიავა ბავშვობაში უყვარდა…იმასაც ამბობდა, საცოლე იყო ჩემიო…
ერთხელ ვკითხე, – „პაემანზე ყოფილხართ მეთქი?“…
ასე მიპასუხა, – „როგორ არაო“…
რომ ჩავეკითხე, პაემანი იცით, რა ყოფილა? ლია სახლში რომ ბრუნდებოდა, ჯემალიკო და მისი ძმაკაცები 10 მეტრით უკან აცილებდნენ.

მერე ლია გათხოვდა, ჯემალიკომ გალიჩკა მოიყვანა ცოლად და მთელი ცხოვრება ოჯახებით ვმეგობრობდით… ამ ორ წყვილს მესამე შესანიშნავი წყვილი ემატებოდა – ფანტასტიური დინარა ჟორჟოლიანი და ჰოლივუდური ზორიკ ჩაჩავა…
ხომ გახსოვთ იმდროინდელი მეზობლობა? ნათესაობას უდრიდა… მთელი დღე გადარბენაზე ვიყავით ერთმანეთთან…
ლიას და დინარას კი ძალიან უყვარდათ ჩვენთან სტუმრად ჩამოსვლა და გალიჩკასთან და ჯემალიკოსთან ერთად კამათელს აგორებდნენ. დღესაც მახსოვს, თამაშს ერქვა „General“…
ჯემალიკო, რა თქმა უნდა ფორმაში იყო და სულ ართობდა და აცინებდა… გალიჩკა შეჩვეული იყო, ლიასა და დინარას კი ქვები უვარდებოდათ ხელიდან სიცილისგან…
ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ამ სიცილ-სიცილში, გალიჩკა იგებდა და ყველანი გადასახლდნენ სათამაშოდ დინარასთან და ჯემალიკო მოთამაშეთა „სასტავიდან“ ამოშალეს.

ახლა უკვე თავისუფლად შეიძლება თქმა, რომ მე მგონი, ლიასადმი გრძნობამ ჯემალიკოს ბოლომდე არც არასდროს გადაუარა, გალიჩკა გალიჩკა იყო – ერთადერთი, მთავარი და განუმეორებელი, მაგრამ ხომ იცით, პირველი სიყვარული მაინც ტოვებს გულში კვალს…
ჯემალიკოს თუ ვინმე ქალი შესახედავად მოეწონებოდა, თანაც, მნიშვნელობა არ ჰქონდა არც სიმაღლეს, არც თმის ფერს, არც აღნაგობას, არც ეროვნებას, ასე იტყოდა – „ძალიან ლამაზია!“ და მერე დაუმატებდა: „სულ ცოტათი ლიას ჰგავსო“.…

როცა მამა გარდაიცვალა… ქალბატონი ლია მოვიდა… ისეთი ლამაზი… იებით ხელში… და დიდხანს უყურებდა უკვე “იქ” წასულ ჯემალიკოს…
მე მივედი და ვუთხარი: “ლია დეიდა, ხომ იცით, როგორ ძალიან უყვარდით ” და… ასე მითხრა – „მეც ძალიან მიყვარდაო“…

ოთარ კობერიძე, რომელშიც მთელი საქართველოს ქალები იყვნენ უიმედოდ შეყვარებულები, ყვებოდა, რომ როდესაც „ბაში აჩუკის“ გადასაღებ მოედანზე პირველად დაინახა იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი ლია ელიავა, დამუნჯდა… ის ისეთი მშვენიერი იყო, მზესავით ანათებდაო…

ფილმის დასასრულისთვის უკვე ყველასთვის ცნობილი იყო მათი გრძნობების შესახებ, მაგრამ სერიოზული გამოცდა ჰქონდათ გასავლელი… ოთარ კობერიძეს ოჯახი ჰყავდა და იმ დროს ოჯახიდან წასვლა მხოლოდ უხერხული კი არ იყო, საზოგადოების პატივისცემის გარკვეულწილად დაკარგვას ნიშნავდა…

ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, იხსენებდა, რომ ისიც წინააღმდეგი იყო მათი კავშირის, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ მათ მართლა არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება და ყველაზე დიდი დანაშაული იქნებოდა მათი დაცილება…

მერე ცხოვრებამ ყველაფერი თავის ადგილებზე დაალაგა… ის ადამიანებისგან განსხვავებით, უფრო მალე ხვდება რაღაცეებს, უფრო ბრძენია და ღრმა…

მე ასეთი ლამაზი წყვილი მართლა იშვიათად მინახავს… მარტო შესახედავად კი არა, რაღაცა განსაკუთრებული სიმყუდროვე სუფევდა მათ ლამაზ ბინაში, სიმშვიდე და კეთილგანწყობა…

საოცარი ქალიშვილი ჰყავდათ – ნანა… ვკვდები, როდესაც ვწერ წარსულში… მან დედიკოსგანაც და მამიკოსგანაც ყველაფერი საუკეთესო შეისისხლხორცა… ყველა, ვინც კი იცნობდა, მასში უზომოდ იყო შეყვარებული… მე ბედნიერი ვარ, რომ მჯერა, რომ ახლა სადღაც შორს და ულამაზეს ადგილას ისევ ერთად არიან…

ბოლოს კი, კარგი განწყობით მინდა დავასრულო…

ერთხელ, ლიამ დედიკოს დაურეკა და ოთარს ძალიან უყვარს ქათმის ბულიონიო, გავუკეთე რამდენჯერმე, მაგრამ სულ იძახის, გამჭირვალე უნდა იყოსო და ვქნაო?
გალიჩკამ ასწავლა – „დოლბანდში გაატარეო”…
გადის რამდენიმე საათი და გვესტუმრენ ლია და ოთარი და ორივე სიცილით კვდება…
თურმე, ოთარი რომ სახლში დაბრუნებულა, ლიამ თხოვა, დამეხმარეო… დოლბანდი არ ჰქონია… დააკავებინა ოთარს რაკოვინაზე წვრილი საცერი და ჩაასხა შიგ ბულიონი…
მთავარი კი ის არის, რომ ქვემოთ მეორე ქვაბის ამოდება დავიწყებია და ბულიონმა ქვაბიდან, საცერის გავლით, მშვენივრად გადაინაცვლა რაკოვინის ხვრელში…

გალიჩკამ ეს რომ გაიგო, ისიც დაეცა სიცილისგან…
ოთარმა კი ჩვენს ოჯახს „ცუდი რჩევისთვის“ სასწრაფო კომპენსაცია მოთხოვა… ჯემალიკომ უშველა სიტუაციას და ელიავა-კობერიძეების ოჯახი თავის გაკეთებული უგემრიელეს ლობიოზე მიიწვია… და ლობიო, იცით, რატომ იყო ასე უსაშველოდ გემრიელი? რადგანაც იმდენ ქინძს, ტყლაპს და უცხო სუნელებს უკეთებდა, რომ ბაჟეზე ძვირი ჯდებოდა. მერე ზურიკოც შემოგვიერთდა და ლობიო ნელ-ნელა ქეიფში გადავიდა…

რა ვქნა და ასეთი მოგონებებით ვცხოვრობ…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმედიან დღეს!”