რეზო ინანიშვილის ძვირფასი წერილი

მწერალ რეზო ინანიშვილს მთელი შემოქმედება ჟვირფასი ამბებით აქვს დახუნძლული. მისი კეთილი, გულრწფელი და დაუვიწყარი ნაწარმოებები ადამიანებს კეთილისა და ბოროტის გარჩევას ასწავლის.

ერთხელ ასეთი ამბავი გაიხსენა:

“სკოლაში მიმიწვიეს და იქ ერთმა მასწავლებელმა მითხრა, თქვენი წიგნებით სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ვისწავლეთო. მე კი მეცინებოდა, ეს რა კარგი რამეები გისწავლიათ, მე ჯერ კიდევ ვერ ვარჩევ-მეთქი…”

“არტინფო” გთავაზობთ რეზო ინანიშვილის პატარა ჩანაწერს, რომელიც სითბოთი და სიკეთით აგავსებთ:

“…საოცარი ის არის, რომ ბოლო ხანებში თითქმის ყოველ ღამე მეღვიძებოდა და მერე მიძნელდებოდა დაძინება.
მე ახლაც მეღვიძება ნაშუაღამევს, მაგრამ დავხუჭავ თვალებს, თვალებდახუჭული წარმოვიდგენ: ფანჯრის რაფაზე ტყის თხილია გაფენილი, ქვაბში გემრიელი ზღმარტლი ყრია და ის ქვაბი ჩემი საწოლის ქვეშ არის შედგმული.

ჩახრიალების ზემოთ, ნასიმინდრების იქით, დიდი მაჟალო დგას, იქვე ხმელი წიფელი გდია, ხავსებში და ფესვებში მომწვანო წყალი მილიკლიკებს, ჩრდილიან ფერდობებში, ყვითელ ფოთლებზე, თეთრი ჭირხლი დევს, ხეების კენწეროებთან ნათელი მზე ანთია.

ამოვიწყობ ხელებს ბალიშის ქვეშ, ვიტყვი: – ღმერთო, ჩემი კეთილი მიწა მიცოცხლე – და მაშინვე ჩამეძინება ტკბილად…”