8 აპრილი, 2022

ყურადღებით მოუსმინეთ არჩილ სულაკაურს

პოეტსა და მწერალს არჩილ სულაკაურს თითოეულმა ჩვენგანმა დიდი ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ:

“გოდება

ნაიარევ გულზე ჯავრი
ყორანივით დამაცხრება,
ქართველები ზეიმობენ
ქართველების დამარცხებას.
უცხომ თოფი მესროლა და
ელვასავით გავიცინე,
ქართველმა რომ დამიმიზნა,
ტყვია ვეღარ ავიცილე.
ის ტყვია მკლავს, შველას ვითხოვ,
შველა არ ჩანს არსაიდან,
გაუძლებ და რას გაუძლებ,
აიტან და რას აიტან?
სისხლით დაცლილ გულზე ბოღმა
ყორანივით დამაცხრება,
ქართველი რომ ქართველს ესვრის,
ტყვია მიზანს არ აცდება.
აჰა, მესმის შენი სუნთქვა,
ჭირთა ესე დამმართველო,
ქართველი რომ ქართველს ესვრის,
ტყვია ხვდება საქართველოს!
რამ დაშრიტა სიბრძნის წყარო,
ეგ გონება რამ დანისლა,
ან ფილტვებში ვინ ჩაგბერა
ესდენ სუნთქვა სატანისა?!
ტყვიადაკრულ გულზე ჯავრი
ყორანივით დამაცხრება,
ქართველები ზეიმობენ
ქართველების დამარცხებას.
დაშლილო და დალეწილო,
აწ რამ უნდა გაგამრთელოს?
ვაი, ჩემო ერთადერთო
შე ბედკრულო საქართველო!”