18 აპრილი, 2022

ნოდარ დუმბაძე მუხრან მაჭავარიანზე

მწერალი ნოდარ დუმბაძე პოეტ მუხრან მაჭავარიანზე საუბრისას იხსენებდა მის პირველ მისვლას უნივერსიტეტის ლიტერატურულ წრეში:

„მუხრანის მოსვლა მახსოვს უნივერსიტეტის ლიტერატურულ წრეში. არავინ იცნობდა წესიერად მაშინ. მოვიდა მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, გრძელთმიანი და ჭკვიანთვალებიანი ბიჭი. იჯდა უხმოდ, სიტყვა ითხოვა ბოლოს.

გვეგონა ლექსს წაიკითხავდა – არაფერიც, მარატივით მგზნებარე სიტყვა თქვა ბოხი და ზარჩადგმული ხმით.

ის სიტყვა ახლა ზუსტად არ მახსოვს. არც მას ახსოვს ალბათ.

დაახლოებით ასე ილაპარაკა:

– მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი! დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და ელიან. მის ხმაზე დაიძრებიან მყინვარები, მდინარეები, აღმოსავლეთიდან ზვრები, დასავლეთიდან ჩაის ბუჩქები, და მის სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი… მე მჯერა!

და რა იცოდა მაშინ მუხრანმა, ან მე რა ვიცოდი, რომ ეს კაცი თვითონ იქნებოდა.”