15 აპრილი, 2022

ნიკოლოზ რაჭველი დავით თორაძეზე

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა დიდებული წერილი მიუძღვნა ლეგენდარულ კომპოზიტორს დავით თორაძეს:

“ზუსტად 100 წლის წინ, 1922 წლის 14 აპრილს ჩვენი სამშობლო კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის ქართველით გამდიდრდა, ქვეყანას მოევლინა დიდი მუსიკოსი და მოღვაწე, კომპოზიტორი დავით თორაძე, რომელიც სულ მალე, 40-იანი წლების თბილისში უკვე ძალიან ცნობილი გახდა, ხოლო მისი მუსიკა აქტუალური, შესრულებადი და წარმატებული. 24 წლის იყო პირველი სიმფონია რომ შექმნა და ყველამ ამოიცნო მასში ღვთისგან გამოგზავნილი ნიჭიერების უსაზღვრო ძალა! მალე მისი მუსიკა საქართველოს ფარგლებს გასცდა და დიდი დირიჟორების და შემსრულებლების რეპერტუარში დაიმკვიდრა ადგილი!

საკმაოდ ადრე გადაინაცვლა იმქვეყნიურ საქართველოში, მაგრამ შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა როგორც საოპერო, საბალეტო, საორკესტრო, კამერული, თეატრისა და კინოსთვის შექმნილი მუსიკის, ასევე მისი საოცარი ქალიშვილის ნინოსა და მსოფლიო მნიშვნელობის პიანისტის, ამავდროულად თაობების აღმზრდელი პედაგოგის ლექსო თორაძის სახით!

ერთი სიტყვით, დიდი და ჯადოსნური დღეა ყველასათვის ვისაც მუსიკა უყვარს, ქართული მუსიკის ისტორიით ამაყობს, ვის რეპერტუარშიცაა მისი ნაწარმოებები ქართულ და უცხოურ სცენებზე, ვინც მას მოესწრო და ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა. მე კი ამაში არ გამიმართლა და ძალიან, ძალიან მწყდება გული, რადგან ყველა მელოდიაზე მეტად, რაც კი ჩემს გულსა და სულს აქამდე შეუგრძვნია, სწორედ მისი რომანსი (თავისი არაამქვეყნიური საფორტეპიანო შესავალით!) მიყვარს კინოფილმიდან “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”…

P.S. ჩემთვის კიდევ ცალკე თემაა მისი წარმოშობა, ისიც, რომ ჩემი მშობლიური კუთხის მუსიკალური სკოლა მის სახელს ატარებს, ისიც რომ უზარმაზარი სიმფონიური ტილო აქვს მიძღვნილი ნიკორწმინდის ტაძრისადმი, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში საგასტროლოდ მყოფმა ნეემე იარვიმ შეასრულა ტალინის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, მანამდე კი ევროპაში შესრულებულ ამ ნაწარმოებს კოლოსალური წარმატება ხვდა წილად… და ისიც უსაზღვროდ მახარებს, რომ თავს ლექსოს და ნინოს სრულუფლებიან უმცროს მეგობრად მივიჩნევ, რადგან ძალიან ძალიან ძვირფასები და ოჯახის წევრები არიან ჩემი, ნინო რომ რჩევებს მაძლევს და ზოგჯერ მსაყვედურობს (სამართლიანად!) ასე მგონია, მისი მეშვეობით საიდანღაც ჩემი სათაყვანებელი კომპოზიტორი მაწვდენს ხმას…

ღმერთმა შემაძლებინოს საქმით გამოვხატო ჩემი სიყვარული და პატივისცემა დავით თორაძის მუსიკისადმი. აქვე ძალიან პატარა მონაკვეთს ვაზიარებ 2018 წლის ჩვენი “კინომუსიკის” საღამოდან, სადაც ფინალური ბლოკი თორაძე-დოლიძის ისტორიულ შემოქმედებით ტანდემს მივუძღვენით.

ნინო თორაძე – გილოცავ საამაყო მამის 100 წლის საიუბილეო თარიღს!”