ნიკოლო მიწიშვილის საუკეთესო წერილი

40 წლის ასაკში დახვრეტილი ცისფერყანწელი პოეტის ნიკოლო მიწიშვილის წერილი “ფიქრები საქართველოზე” 1922 წელს ემიგრაციაში ყოფნის დროსაა დაწერილი და საუკუნის შემდეგაც საოცრად აქტუალურია:

“ფიქრები საქართველოზე

მე არ ვიცი – ვის უყვარს საქართველო ჩვენზე მეტად.

დღეს ყოველ გაკოტრებულ პოლიტიკოსს თავისი თავი წმინდა სებასტიანე ჰგონია, რომელიც დაისრულია სამშობლოთი და სამშობლოსათვის. ყოველი მეშჩანი, რომელიც ვერ ახერხებს ნამდვილი საქონლით სპეკულიაციას, სპეკულიანტობს დღეს საქართველოს სიყვარულით.

საქართველო და პატრიოტობა დღეს ჩვენში შეიქნა ყოველი კარიერა შერყეულ ქართველის ჯაგლაგათ, რომელსაც მიაჩანჩალებს დონ კიხოტივით.

მე არ ვიტყვი აქაურებზე, რადგანაც, გერცენის არ იყოს, ემიგრანტობა თავის თავად მეტად ცუდი ავადმყოფობაა, და ქართველ ემიგრაციას, რომ განსაკუთრებული ტკივილი მართებს – ცხადია.

მაგრამ მე ვიცი ხალხი, რომელიც აქაურებში მიწასთან ასწორებს ქართველ ბოლშევიკებს და საქართველოში კი იმავე ბოლშევიკურ ხელისუფლების ქვეშ მილიარდებს აკეთებენ. საქართველოში ბოლშევიკებს უძვრებიან უკანა კარებიდან და ყოველ შემთხვევისათვის, რომელიმე რესტორანში მენშევიკებსა და ნაც. დემ.-თან მაინც მოიწმენდენ ხოლმე კეთილშობილ ცრემლს.

და ყველა ასეთებს, ალბად ჩვენზედ მეტად „უყვართ“ საქართველო. თქვენ იცით ბევრი ქართველი, რომელიც ტკბილად ემსახურება საბჭოთა ხელისუფლებას, შერიგებით და მორიგებით, „არ იკლებს არაფერს“. მაგრამ „დღიური წესრიგის“ ამოსაწურავად ყოველ შემთხვევისათვის მაინც გააჩერებს მოსახვევში თავისიანს, კითხავს „თუ რა ისმის“, და დამშვიდებული სინდისით წავა შინისაკენ.

თქვენ იცით ასეთი ხალხი და ამგვარი „ტიპები“ ყველაზე მეტს გვიყვიროდენ ჩვენ და წრიპინობდენ ჩვენს ბოლშევიკობასა და კომუნისტობაზე (რამაც სტამბოლამდე და პარიზამდეც კი ჩააწია).

ეს ქართული „თილისმობაა“, ეს ყოველთვის ქართული ჩვეულება იყო. და თუ ეხლაც ჩვენში ეროვნული მორალი და კეთილშობილება ამ ხაზით უნდა წავიდეს – დეე ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ხეირი ანახოს. მე ამ გზით ვერ ვიარ.

დღევანდელ ხანაში ეს უსინდისო სპეკულიანტური, გაიძვერული ფსიხოლოგია, რომელიც წაღმა უკუღმა „ეტორღიალება“ საქართველოს სხეულს – განსაკუთრებით ძლიერია.
ასეა აქაც.

და როცა ფიქრობ ასეთ ფიქრებს, როცა თვალწინ გიდგება ასეთი ხალხი და საქართველო – მე ვერ ვპოულობ ვერც ერთ სახეს, რომელიც ღირსი იყოს საქართველოსი და მინდა ვიყვირო:
– Тьфу, сволочи!

თქვენ იცით ეს თავდასხმა ჩვენზე რომელიც, ალბად გრძელდება, რომ ჩვენ არ გვიყვარს სამშობლო, რომ არ ვართ პატრიოტები. ამას ყრანტალობს ხოლმე ერთიანად, როგორც ვინმე ფილისტერი, ისე „პატრიოტი“ უკმაყოფილო და გულმოსული იმით, რომ ჩვენ არ დავდივართ ქუჩა-ქუჩა და სიმონა ჯღამაძესავით არ ვყვირით „მზეო ამოდი, ამოდი“-ს…

გამიგრძელდა ამაზე წერა, მაგრამ აქეთ წამომიყვანა სიტყვებმა, საცა მე გავჩერდი ჩვენს შემოქმედებაზე, ჩემს იჭვზე და საქართველოზე. და განვაგრძნობ.

დიახ, მე ვამბობ, რომ ჩვენმა ჯგუფმა, მიუხედავათ იმისა, რომ მასშია დიდი გრძნობა პოეზიის გაგებისა და ათვისების, ვერ აიმაღლა თავი შემოქმედებაში იმდენათ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო თვითეული ჩვენი ამხანაგის პოტენციის მიხედვით. ამას უწოდე მე ჩვენი კრიზისი. და არა თავის გასამართლებლად ვახსენე მე საქართველო და მისი სიმშრალე.

ჩვენი მტრები იტყვიან, რომ ჩვენ „ამოვიწურეთ“, ან რომ ჩვენ ვართ ზარმაცები, ან და კიდევ სხვა რამეს. მაგრამ ეს არ მიმაჩნია საყურადღებოდ და ამაზე არ გავჩერდები.

ჩემი ფიქრი ებჯინება საქართველოს. და იგრიხება ასე: ჩემს წინ სდგას კითხვა: კითხვა „დედა-შვილობის“ (და ვკითხულობ: სამშობლო პოეტისათვის (ხელოვანისათვის) თუ პოეტი სამშობლოსათვის.
საზრდოობა სამშობლოსაგან. თუ „რჩენა“ სამშობლოსი.

იმ სახით, როგორც მე ამას ვკითხულობ, ეხლა ევროპაში ეს საკითხი არ დაისმის. შეიძლება რუსეთში დაისვას ეს კითხვა. ეს იქ მართლაც არის, მაგრამ განსაკუთრებით კი ეს ჩვენი ქართული საკითხია.

და მე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ „სამშობლო – პოეტისათვის“ (ხელოვანისათვის) ე. ი. რომ სამშობლოში (არა მარტო ზოოლოგიურ ცნებებსა და ეტნოგრაფიულ ფერებში) უნდა არსებობდეს ის ენერგია, ის სხვადასხვაობა, რომელიც ბადებს დიდ შემოქმედებას. სამშობლოში უნდა იყოს სტიქია, ატმოსფერა, ნოყიერება, რომელიც აღმოაცენებს შემოქმედებას.

სწორედ აქ მეეჭვება მე საქართველო. აქ მეჩვენება მე ის იმგვარ ქალად, რომელსაც, სოფელში, რომ იტყვიან „უშვილობის წამალი აქვს დალეული“.

ბოლოს და ბოლოს ეს სიტყვა უნდა ითქვას. და მისი არ უნდა გვეშინოდეს, თუმცა დღეს გახურებულ ქართულ ატმოსფერაში ძნელია ამის თქმა…

აქ გვეტყვიან, შეიძლება, რომ ეს არის თვითმკვლელობა ჩვენი. და მოიყვანენ ძველი ჩექმასავით გაცვეთილ მაგალითს იმ შტოს გადაჭრის შესახებ, რომელზედაც კაცი ზის. რა გაეწყობა!

და მე ვფიქრობ, დიახ, ჩვენ და დღევანდელი საქართველო (და შეიძლება საქართველო საზოგადოდ) ვართ ორი ანდროგინი, და ჩვენგან არ შეიქმნის შთამომავლობა. და თუ საქართველოს წარმოვიდგენთ – სულიწმინდის მიერ დაორსულებულ არსებათ, რომელსაც „ბებია“ სჭირდება, რათა მიიღოს ხელთ „ნაყოფი მუცლის მისისა“, მაშინაც ჩვენ ვერ გამოვდგებით ასეთ ბებიად. ვინაიდან ნაყოფი იგი არ არის და არც იქნება გამართლება ჩვენი წარმოდგენის, ჩვენი სურვილების, ჩვენი შეგნების და იმ დიდი სიყვარულის, რომლითაც გვიყვარს საქართველო.
ჩვენი მოწინააღმდეგეები აქ ახსენებენ სხვა სახელებს ჩვენს გარშემო. იტყვიან, რომ ეს მარტო ჩვენა ვართ უვარგისი, რომ არიან სხვები. კი ბატონო.

…რაა? ვინაა?

აქ იტყვიან, რომ პოეტი მაგალითად „დახეული დროშის“ ლექსით სამშობლოს ემსახურება. როგორ? განა მაზე ნაკლებად ემსახურება სამშობლოს უცხო ვინმე რუსთაველის პროსპექტიდან, რომელიც „ანტანტის ფლოტის“ შესახებ გავრცელებულ ჭორებით ნაკლებ კი არა, უფრო მეტად აღელვებს „პატრიოტების“ გულს და „ემსახურება“ ქვეყანას?! ეს მეჭორე და ეს პოეტი ერთნაირად ღელდებიან და აღელვებენ, მაგრამ რა შუაშია აქ პოეზია?
ესაა, ჩემის ფიქრით ის უკუღმართი მოვლენა, რომელზედაც ზევით ვლაპარაკობდი. როცა სამშობლო არ აძლევს პოეტს რასმეს და პირიქით, პოეტი სცდილობს მისცეს მას.

პოეზიაში და, საზოგადოდ, ეს დამარცხების ამბავია და ჩვენ ვიცით რომ ეს სიყალბეა. გაუგებრობაა და მართლა სირცხვილი იმ პოეტს, რომელსაც შეეხარბება ასეთ გაუგებრობაზე აშენებული ძეგლი.
ჩვენში დღეს ვერც ერთ პოეტზე „კვანჭს ვერ მოკიდებ“ და ვერ ნახავ მასში ვერც პოეზიას და ვერც საქართველოს.
ასეთი ყუმი და უმია ჩვენი პროზაც. აძიგძიგებული, როგორც ციებიანი ქათამი სამეგრელოში.
მე მეშინია ამაზე ფიქრი.

კი, ბატონო, ჩვენ ვიყვეთ დეგენერატები; დეე, საქართველო არ გვიყვარდეს; დეე ჩვენ გაგვრიყოს საქართველომ და ეთაყვანოს თუნდა რწყილს. კი, მაგრამ სხვები სადაა? სხვებს რაღა დაემართა? რომ არც სხვა სჩანს!
და შემდეგ. ჩვენთვის, ჩვენნაირად ხომ გვიყვარს საქართველო. ხომ გვინდა ის, ჩვენი საქართველო, რომელიც ჩვენს ოცნებაში ზის, მუდამ ვეალერსებით და სხვანაირია. რომ არც ამ საქართველოზე გვაქვს ჩვენ კონკრეტიული წარმოდგენა?!

ჩვენს ოცნებას საქართველოზე ელაპარაკება მხოლოდ ჩვენი გული და სიყვარული, ჩვენი სურვილი, მაგრამ არის სურვილი, ნდომა და არ არის რეალობა…

ჩვენ საქართველოს მზე არ გაგვანათებს: მაგრამ, როგორც ვსთქვი, ის ვერც სხვამ ნახა. და თუ მარტო ჩოხა ახალოხია საქართველო უტიეთ მას, წამოდით აქეთ, დავიკარგოთ, წყალში გადავარდეთ!

ჩვენ ამხანაგებო, დიდი დეფექტები გვაქვს, მაგრამ ერთი ცხადია, რომ პოეზია უსათოთ გვესმის, ვგრძნობთ მას სხვაზე მეტად. ამას მიმტკიცებს მე მთელი ის თანამედროვე ლიტერატურა, რომელშიაც ვბუნაგობ აქ. და სწორედ ამიტომ ჩვენ ყველაზე ადრე უნდა მოვსულიყავით საქართველოს მიგნებამდე.

ეს ჩვენ ვერ ვქენით. ვერ შევძელით. აქაა ჩვენი საფრთხე და ჩვენი უბედურობა.

ჩვენი გემი, რომელზედაც მე ვცხოვრობ სდგას „ოქროს რქაზე“. ღამეა და ამ სიწყნარეში უკვე მესამედ ყივის თათრის მამალი ნაპირიდან. მეც დავიღალე. სტამბოლი ხომ ისტორიული პუნქტია, სადაც სტიროდენ ქართველები. ეს წყლები „ბაბილონის მდინარეებია“ და იქნება ოდესმე ქართველი პოეტიც დასტიროდა აქ თავის ბედს და სამშობლოს ისე, როგორც მე. იქნება ისიც ეძებდა საკუთარ ვარსკვლავს ამ მინარეთების წვეტიან თავებში. და ეს მთვარიანი მინარეთები მასაც უფარავდენ სამშობლოს სახეს ისე, როგორც ჩემთვისაა ის დაფარული და მიუგნებელი…

ვინ იცის. ვიჩქარი დასკვნებს. მეშინია ამ „ერესი“-ს. მაგრამ ესაა და რა ვქნა.

საქართველო პასიური მოვლენაა. მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მისი გარეშემყოფ მოვლენისაგან. (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ).”