26 აპრილი, 2022

ნატო ვაჩნაძის გამორჩეული ამბავი

ულამაზესი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ცხოვრებაში არაერთი გამორჩეული ამბავი მომხდარა, თუმცა ისტორია, რომელსაც ეკატერინე ვაჩნაძე იხსენებდა, ნამდვილად დაუვიწყარია:

“ნატო ვაჩნაძე წაღვერში მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილს ხშირად სტუმრობდა.

მოხიბლული იყო იქაური ბუნების სილამაზით.

ბოსტანში ჩასვლა უყვარდა, უკან დადევნებულ დეიდა ლიზას კი ეტყოდა: “დეიდა ლიზა, ბოსტანში კიტრი, ეზოში პანტა, სკაში თაფლი, ამდენი სილამაზე – მეტი კი არაფერი მინდა”.

ფუტკრის კბენის შიშით ხომ სკებს ყველა ერიდება, მაგრამ საოცარი ის იყო, როცა ნატო სკიდან თაფლს იღებდა, მის ხვეულ თმებს უამრავი ფუტკარი ეხვეოდა და არ კბენდა.

მსახიობი აივანზე გამოტანილ საწოლზე წვებოდა ხოლმე. ეზო შემოუღობავი იყო და ნატოს სილამაზით მოხიბლული კეჩხობის დამსვენებლები, გამვლელი თუ გამომვლელი ამით სარგებლობდა, აშკარად თუ მორიდებით, ყველა მას უყურებდა.

ერთხელ ლიზამ იხუმრა, ხედავთ, ნატოს ხალხი უბილეთოდ უყურებსო, ხეზე მიაკრა წარწერა “სალარო”, თვითონ ამ ხესთან ჩამოჯდა, ვედრო დაიდგა და ყველას – გამვლელ-გამომვლელს ფულს აყრევინებდა.

დამიჯერებთ? ხურდა ფულით ვედრო გაივსო…

საღამოობით ეზოში სეირნობა იმართებოდა. თაყვანისმცემლები ულამაზეს თაიგულებს უგზავნიდნენ ულმშვენიერეს ნატო ვაჩნაძეს…”