26 აპრილი, 2022

მიძღვნა ზურა ვადაჭკორიას

ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას გამორჩეული ლექსი მიუძღვნა იუმორისტმა ბაკურ სვანიძემ:

“დღეს არც დაბადების დღეა მისი და არც გარდაცვალების… თარიღები არაფერ შუაშია… უბრალოდ, პლეხანოვზე მოვხვდი და ჩემთვის ყველაზე უჩვეულო ის იყო, რომ ზურა არ შემხვდა ვადაჭკორია… ეს სტრიქონებიც თავისით წამოვიდა და რავი, კი, მარტივია და არც აქვს დიდ პოეზიაზე პრეტენზია, მაგრამ მაინც დავდე…

უმაგრესი, უკეთილშობილესი, კარგი მეგობრის გასახსენებლად… შანსი არ იყო, პლეხანოვზე გავსულიყავი და ზურა არ შემხვედროდა, იმდენს მელაპარაკებოდა, იმდენს მიყვებოდა, იმდენს მაცინებდა, ყოველთვის ყველგან მაგვიანებდა… ბიჭებმა, რომლებიც გადაღებაზე მელოდებოდნენ, თუ დამირეკავდნენ და ვეტყოდი – აგერ პლეხანოვზე გამოვედი და ზურა შემხვდა-თქო, უკვე იცოდნენ, რომ აუცილებლად დავაგვიანებდი… თუ იქვე ზურა დოიჯაშვილიც გაიჩითებოდა – მით უფრო!

“ვეღარ ვხვდები, ეს ცხოვრება ნამდვილია? ჭორია?
პლეხანოვზე აღარ მხვდება ზურა ვადაჭკორია…
არ მიღიმის, ქვედა ტუჩის მისებური დაწევით,
აღარ ამბობს – “დაგვჩაგრესო, ბიჭო, კაი კაცები!
ბლატაობენ ჩათლახები და ვირთხები ჯიგარო,
ამ ცხოვრების, არასწორის, ჯავრი როგორ ვიყარო?”
მაჯაზევე აგწაპნიდა საათს… დრო ვერ გააქრო,
ბევრი “ეფოკუსნიკა” და ვერაფერი დააკლო…
ხელს უწევდნენ, თავს უკრავდნენ, გულით, ყველა ეზოდან,
რაც არ უნდა ყოფილიყო, ბოლოს მაინც გეტყოდა –
“სადა ჩქარობ? ახლა რამეს გავჩითავო, მოიცა”…
თვალს არ გვიკრავს სკვერში სკამზე ჩამომჯდარი დოიჯაც!
ეს ორი და კიდევ… აუ… გამახსენდა რამდენი…
ვეღარ ვაჩვევ სივრცეს თვალებს, ასე ცრემლით დატენილს…
იქით მოვხვდი დღეს… ასეთი დარდიც გამომყოლია –
პლეხანოვზე აღარ მხვდება ზურა ვადაჭკორია…”
2022. აპრილი