ლევან თედიაშვილის საოცარი ისტორია

ლევან თედიაშვილის სახელისა და გვარის გაგონებაზე ყველას გიორგი შენგელაიას ფილმი “ხარება და გოგია” ახსენდება.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან თედიაშვილი სპორტსმენია, მან ფილმში მონაწილე პროფესიონალ მსახიობებს ტოლი არ დაუდო და ყველასთვის საყვარელი გოგია კენკიშვილი იდეალურად განასახიერა.

რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა მოჭიდავე თავის ფილმში “მეოთხე ბრაიტონი” მიიწვია და ლევან თედიაშვილმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო – ტრიბეკას კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა.

ლევან თედიაშვილმა მთელი ცხოვრება ჭიდაობას მიუძღვნა და ამ თემაზე საუბარი ყველაზე მეტად უყვარს. მისი უმნიშვნელოვანესი მოგონებები დაკავშირებულია ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონთან თავისუფალ ჭიდაობაში არსენ მეკოკიშვილთან. პატარა ლევანი ხშირად სკოლიდან იპარებოდა, საჭიდაო დარბაზში მიდიოდა, არსენ მეკოკიშვილის წინ ჩაიცუცქებდა და თვალებში შესციცინებდა:

“მე მიყვარს ჭიდაობა, მთელი არსებით მიყვარს. საჭიდაო მუსიკის ხმას რომ გავიგებდი, მთელი სხეული ამითამაშდებოდა ხოლმე და ახლაც ასე ვარ. სხვანაირად არ შეიძლება, არ შეიძლება, არსენ მეკოკიშვილის თანამემამულეს ჭიდაობა არ მიყვარდეს“.

ლევან თედიაშვილის მონაცემები შეუმჩნეველი არც ცნობილ ქართველ მოჭიდავესა და სამბისტს ვახტანგ ბალავაძეს დარჩენია.

“წარმატებებს მივაღწიე, მაგრამ ვერაფრით ვერ დავამარცხე საბჭოთა კავშირის 5-გზის, ევროპის 3-გზის და მსოფლიო ჩემპიონი, იური შახმურადოვი, რომელიც ჭიდაობის ყველა საიდუმლოს ფლობდა და რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდი. თუ ვინ მიიღებდა მონაწილეობას ოლიმპიადაზე, გადაწყვიტა ჩვენს შორის დუელმა, რომელშიც გავიმარჯვე. თუმცა ჩვენი ორთაბრძოლა ოლიმპიადის ჩემპიონობის მიღწევისთვის ადვილი არ ყოფილა…”

იური შახმურადოვმა წლების შემდეგ ლევან თედიაშვილზე თქვა:

“მე ლევან თედიაშვილს განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ. მასზე მინდა ვისაუბრო დაუსრულებლად. ის გადასარევი მეგობარია, დაბადებიდან ლიდერია. აქვს საოცარი ნიჭი, მეგობრის და კოლეგის გასამხნევებლად და მხარდასაჭერად. ყოველთვის ახერხებს საჭირო დროს უთხრას მათ ყველაზე საჭირო სიტყვები… ცდილობს მოხსნას დაძაბულობა ღიმილით და ხუმრობით. არავინ ასე არ ეხმარება თანაგუნდელებს, როგორც ლევან თედიაშვილი“…

თავად ლევან თედიაშვილი კი ამბობს:

“ნამდვილი მოჭიდავე მეტოქეს ზურგს არ შეაქცევს, აკრძალულ ილეთებს არ გამოიყენებს. ნამდვილი მოჭიდავე ხალიჩაზე მხოლოდ ქულებისთვის არ გამოდის, არამედ იბრძვის სახელისა და ღირსებისთვის…”

ერთხელ ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა ლევან თედიაშვილს ჰკითხა, ოდესმე თუ დამარცხებულხართო. “დავმარცხებულვარ და არაერთხელო“ – იყო პასუხი.

შეკითხვაზე – „ისეთ მოჭიდავეს თუ იცნობთ, ერთი ბრძოლაც რომ არ წაუგიაო“, სპორტსმენმა უპასუხა – „ვიცნობ, ასეთი მამაჩემი იყოო“. ჟურნალისტი გაკვირვებულა – „მამათქვენი რა ძლიერი სპორტსმენი ყოფილა… ამის შესახებ რატომ არაფერი ვიცოდიო“… ლევანმა გაიღიმა და დააწყნარა – „მამაჩემს არასოდეს უჭიდავიაო და ამიტომაც არასდროს არ წაუგიაო“…

ლევან თედიაშვილს ერთი განსაკუთრებული ისტორია აქვს:

„მსოფლიო პირველობა რომ მოვიგე, უცებ შემომთავაზეს – სამბოც იჭიდავეო. გამიკვირდა, მაგრამ, მაინც ვიჭიდავე და, წარმოიდგინეთ, მოვიგე. 12 ქვეყნის 69 სპორტსმენი ჭიდაობდა, მაგრამ, რომ მივყევი, ერთი-ერთმანეთზე დავალაგე ყველანი.

საგარეჯოელები ჩემი ძეგლის დადგმას აპირებდნენ თურმე. საქართველოში რომ დავბრუნდი, აეროპორტიდან პირდაპირ კახეთში გავუხვიე. ეგრე მქონდა დაფიცებული – გამარჯვებული პირველად დედაჩემს ვეახლებოდი ხოლმე.

საგარეჯოში რომ შევედი, მანქანის წინ ბიჭები გადამიდგნენ. ცოტა კი დავიმორცხვე, ვიფიქრე, ემანდ, მანქანიანად არ ამიტაცონ მაღლა-მეთქი და სასწრაფოდ გამოვაღე კარი. ამ დროს მომეჭრა ერთი ბიჭი და მომაძახა: ღმერთმა შეგარცხვინოს, რატომ კლასიკურში არ იჭიდავე და მესამე ოქროს მედალიც არ ჩამაიტანეო.

რატომ მესამე არაო, კაცო! აბა, მაგათ როგორ დავადგმევინებდი ძეგლსა?!“