იოსებ ნონეშვილი უკრაინაზე

პოეტმა იოსებ ნონეშვილმა უკრაინას ულამაზესი ლექსი 1947 წელს მიუძღვნა:

“უკრაინა

გეხვეოდნენ ყვავ-ყორნები,
გწვავდა ცეცხლის წვიმა,
უკრაინა, უკრაინა,
დიდო უკრაინა.

მაგრამ მტერზე შურისგების
ზარმა დაიგრგვინა,
უკრაინა…

და შენს მაღალ არყის ხეებს,
ოქროცურვილ ყანებს,
გამარჯვების მზის სხივები
დასწვდნენ, ეთაყვანენ.

შენს ძველთაძველ ყორღანებში
რამდენ ვაჟკაცს სძინავს,
უკრაინა, უკრაინა,
ტკბილო უკრაინა.

დნეპრთან, თეთრად რომ ანთია
ალვა ცადაწვდილი,
მის ძირს ქართველ მზეჭაბუკსაც
სძინავს მძიმე ძილით.

ალვაა თუ ხელთ უპყრია
ქალწულს მწვანე დაფნა
და მწუხარედ თავს დაჰყურებს
მზეჭაბუკის საფლავს?!.

სიხარულის მზის სხივებში,
შენს ცაზე რომ ბრწყინავს,
იმ ჭაბუკის სხივიც არის,
ჩვენო უკრაინა.

სინათლეს და გამარჯვებას
დღეს ვინ დაგაშორებს;
ღრუბლებამდე კიბეები
ააქვთ ხარაჩოებს.”