იმოგზაურეთ რეზო გაბრიაძის ჯადოსნურ სამყაროში

რეზო გაბრიაძემ თავისი სპექტაკლებითა და მოთხრობებით ნამდვილად ჯადოსნური სამყარო დაგვიტოვა.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს რეზო გაბრიაძის “შერეკილებიდან”:

“უცნობი ქუთაისი

“… ორი რაზმი ერთმანეთს ეკვეთა. ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, შერბენა-გამორბენა, მათრახების ფსტვენა, ბაგა-ბუგი, მალ-მალე გინება.

უბანმა გაიღვიძა, გაიღვიძა ქალაქმაც, აკიაფდა ჭაღები. ყველამ ნემეცის ქუჩას მიაშურა. იფეთქა საუკუნეობით დაგროვილმა სტიქიურმა ძალამ. არავინ კითხულობდა ვინ-ვის, რატომ ან რისთვის ურტყამდა. მამის, პატარის, დიდის, ქალის გარჩევა მოიშალა.

მოცელეს ღობეები, გათელეს ბაღები, ბოსტნები, ბორცვ-გორები, გაწიეს გვერდზე საქართველო. თევზი ნაპირს მოშორდა და სილაში ჩაიმარხა. ჩიტმა ცა გამოიცვალა. გახურდა ჩხუბი, აღდგა იმერეთი! დაიღო კარი ლხინისა!..
მარგოშიამ ქუჩის კუთხეში ბაგრატ მეფის ჟამს ჩასმული ქვა ამოაძრო და უმიზნოდ ცაში ისროლა. ვიღაცამ, ასევე უმიზნოდ, ქოსა ძაღლს სტაცა ხელი და ლეღვის ხეზე ააგდო. ქუჩაში თბილი ლეღვების წვიმა წამოვიდა.

სილოვან ბლიკაძე ღორის ნაწლავებით ახრჩობდა ენუქი ფურცხვანიძეს. მაზლისცოლების დანახვაზე დარუშა შავგულიძემ ბავშვიანი აკვანი კორკიმელზე ჩამოკიდა და ჩხუბში ჩაება უბრალო ქვით. მაღლაკიდან ფხაკაძეები დაეშვნენ და ბეჭებიანი თოხები ისე დაატრიალეს კოხინჯრობას რომ იციან ხოლმე. გულვარდში ბუზიკამ დასცხო, იაშა ფლეიშმანი პანჩურით დირიჟორობდა ორკესტრს.

ხეზე ჩამოკიდებულმა პატარამ არტახები აიწყვიტა და შიბაქით თვალი ამოუგდო ხრესილის ომის ვეტერანს პაშა აბაშიძეს. გიმნაზისტი ახვლედიანი სამ მანეთს ითხოვდა ლათინური ენის მასწავლებლის ჭიდან ამოყვანაში. ლათინისტი იძლეოდა ორს. – მაშინ ეგდე მაქ! – გიმნაზისტი ჭას მოსცილდა, ბორია გუგუნაშვილს ხელი ყელში წაუჭირა და რჯული შეურყია.

შვანგირაძემ ახეული ყური ჯიბეში შეინახა და გოგისვანიძეს თავი დაუშინა გატაცებით.

რაჭველები გუბერნატორის როიალით კედლებს ანგრევდნენ. ბურჯანაძე შუბლაძეს დაბალ-მაღალ კბილებს ერთ ზომაზე უყენებდა.

მინაგო ერგემლიძე მოგონილი კოჭლობით არ აძლევდა რაფიელ მიქაუტაძეს ტაბურეტკის დამიზნებით ზუსტად თავში ჩარტყმის საშუალებას, რათა ტაბურეტკა დაშლილიყო ზურგზე და არა რაფიელის სურვილისამებრ თავზე. ამნაირმა ღალატმა და ფალშივობამ მინაგოს საბოლოოდ მაინც მოატეხია დაბადების ფეხი ტაბურეტის ფეხით და საფლავამდე არონინა არამოგონილი კოჭლობით.

მეწურბელე გაჩეჩილაძის ბალახვანიდან შემოჭრამ უფრო ააჩქარა საქმე. კვასტანცია თითისტარით დასდევდა ედესიას. “ვაი დედიკო”- ფესტვენიძის მხედრულ კეფას მოხვედრილი ქვა ორად გაიყო. ფესტვენიძის ქვეშ მიწა იბზარებოდა. გვერდებშემტვრეული მეწურბელე გაჩეჩილაძე ნათესავებმა გოდრით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და დაბიჯებული თავის აღსადგენად ექიმ მინოვიჩთან გააქანეს, მაგრამ ერთმანეთში უსიამოვნების გამო ხიდიდან ჩაუვარდათ რიონის საიქიოში. გაჩეჩილაძე საიქიოდან ამოხტა და თავი ბურღივით შეუშვირა ჩხუბში. შალიკო პალიკოს უფერადებდა სახეს მეჭეჭიანი კვახივით მუშტით, ფრთებდაპუტული არწივები ინდაურებივით დარბოდნენ ქუჩაში…”