20 აპრილი, 2022

გიზო ნიშნიანიძე გალაკტიონ ტაბიძეზე

პოეტმა გიზო ნიშნიანიძემ უფროს კოლეგას გალაკტიონ ტაბიძეს გასაოცარი ლექსი მიუძღვნა:

“იმ წვერებიან კაცს მიწამდე თავი დაუხაროთ
ბარბაცით რომ ამოდიოდა “გემოდან”.

რუსთველის ძეგლის ადგილზე ის იდგა მაშინ
და ღიმილით დაგვცქეროდა ზემოდან.

კაი ძმაკაცებივით შემოვეხვეოდით
და სულაც არაფერი ვითომაც,
კაი ძმაკაცივით გაგვერეოდა,
რადგან, ბავშვი იყო თვითონაც.

ერთხელ შორიდან ზარის ხმა შემოგვესმა
გვითხრა – ეს არისო სიონი!
მერე ვიღაცამ სთქვა – იცით ვინ არისო?
ვინ? გალაკტიონი!

გაგვიამხანაგდა… გავიამხანაგეთ…
“როგორა სწავლობთო?” – გვკითხა.
სად იყო სად არა, სოროდან გამოძვრა
ერთი ჩვენ კლასელი ვირთხა.
ისეო რაო, ვწავლობთ ბატონო
ოღონდ ლექსებში გვიწერენო ორებს,
ხუთიანს სახეზე ხედავო ბიძია?
ვერ ვუძლებთ მამების ტორებს.
ცოტა იოლი ლექსები წერეო –
ჩააწყო გალასთან საქმე,
“კაიო ძამიკო” მოჭუტა თვალები,
აბა რისთვის ვარო აქ მე?

ისე კამცა რომ სთქვას… რომელი ჯობია?
მერე რომ შარში არ ჩავარდეთო,
ჩემი გაბავშვება თუ თქვენი დაკაცება?
სჯობია თქვენ გაიზარდეთო.

ჩვენი ქუჩის შვილი იყო გიორგი ქუჩიშვილიც
ლექსებით დაგვაპორწიალებდა ოლიმპზე,
ერთი მზე თავზე დაგვჩახჩახებდა
ქუჩიდან შემოგვციცინოდა ორი მზე…

ღმერთმანი არ ვაჭარბებ…

მიწიერ ღმერთებს არ აქვთ შენდობა
კაცი მიწაზე ღმერთს არ ენდობა.

თორემ ახლა ხშირად ბჭობენ…

გალაკტიონი მეტია, მისი ნიკორწმინდა
თუ თითონ ძეგლი ნიკორწმინდა.
ნათელ მირონმა კი აკვანშივე იცნო სულიწმინდა
და დაარქვა გალაკტიონი, ანუ გალაქტიკა!

“ავად ვიყავი წუხელ, ვკვდებოდი
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია,
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზიაო” – ტერენტი გრანელმა.

მე კი მგონია, გალაკტიონი თუ დემონია,
დამეთანხმება ალბათ ზოზია,
მაშინ დემონიც ანგელოზია
ან ანგელოზშიც არის დემონის.

მე უფრო მჯერა, გალაკტიონი ანტიანთეოსი
თუმც მიწიერი, არაბიწიერი,
ყოველდღიური მაინც ღვთური
ზევსის ძე, მუზათ წინამძღვარი,
თვითონ ჰერაკლე იმას მიწიერ სისუსტეში ვერ დაიჭერდა.
გალაკტიონი როგორც ატლანტი
ცის თაღს ცალი ხელით იჭერდა.

რაღაც სისუსტეს მაინც იჩენდა…

მთელ გალაქტიკას ზიდავდა გალა! მარა…
საკუთარ თავის ზიდვისათვის არ ეყო ძალა!”