22 აპრილი, 2022

გია მურღულიას გასაოცარი წერილი

გია მურღულია შესანიშნავ  წერილს გვთავაზობს:

შ ე კ ი თ ხ ვ ა
(მინიატურა)

ეშმაკს რომ ჰგავს, ის კაცი მეკითხება:
– შენი სამი შვილიდან რომელს დათმობ, დანარჩენმა ორმა უსაფრთხოდ და კარგად რომ იცხოვროს?
მე ვპასუხობ:
– იმას, რომელიც შენ გამოგყვება.
კვლავ მეკითხება:
– რომელი გამომყვება?
– რომელსაც რქები აქვს.
ყურადღებით აკვირდება და ბუნდოვანი ღიმილით ამბობს:
– არც ერთს რომ არ აქვს?
– მაშინ უნდა დაველოდოთ.
სახეზე ოდნავი გაურკვევლობა აწერია:
– ცდილობ, რომ მომატყუო?
– ყველა თვითონ იტყუებს თავის თავს.
ის ბრაზდება:
– მე უბრალოდ კითხვა არ დამისვამს – შენ გამოსავალი არ გაქვს და არჩევანი უსათუოდ უნდა გააკეთო.
– მე ისინი ერთნაირად მიყვარს. არ ვასხვავებ.
– საქმეც ეს არის. თუ გინდა, სამივეს წავიყვან. უბრალოდ, დღეს კარგ ხასიათზე ვარ და ორის გადარჩენის შესაძლებლობას გაძლევ. ხედავ? – მეც შემიძლია კეთილი ვიყო.
– ვხედავ.
– და მაინც, რა გადაწყვეტილებას იღებ? – ბევრი დრო არ მაქვს.
– ახლა არ მძინავს? – ჩემს თავს ვეკითხები თუ იმას, არც ვიცი.
– არა.
არ ვიცი, ვინ მიკარნახა, მე ნამდვილად არ მომიფიქრებია:
– მომდევნო წაიყვანე.
– მომდევნო? ეგ რომელია?
– წინას შემდეგ რომ მოდის.
– გაბედული, გონიერი და თავხედი ყოფილხარ! “მომდევნო” ისეთი სიტყვაა, რომელიც ერთ არჩევანს არ ტოვებს. გინდა პასუხისმგებლობას თავი აარიდო?
– მე მხოლოდ ჩემი შვილების გადარჩენა მინდა. პირობა არ დამირღვევია – არჩევანი გავაკეთე. თუ შენთვის ის ბუნდოვანია, მით უკეთესი დანარჩენი სამყაროსთვის.
– ძალიან რისკავ!
– ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
– წრეში ვერ გაარკვევ, რომელია მომდევნო წერტილი.
– ამჯერად დაგეთანხმები – როცა შვილებზე ლაპარაკობ, პირველიც მესამეს მომდევნოა. ეს ღვთაებრივი წრეა. შენ მას ვერაფერს უზამ.
ვთრთოდი, ამ სიტყვებს რომ ვამბობდი – არავინ იცის, რა ლოგიკა შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ბოროტებას. თუმცა ისინი, შესაძლოა, ჩემი ერთადერთი ხსნა ყოფილიყო.
ის კაცი, ეშმაკს რომ ჰგავდა, ერთხანს მდუმარედ მიყურებდა და დედამიწაზე ან მის მიღმა არაფერს გამოხატავდა. შემდეგ ყველაზე მშვიდი ხმით მითხრა:
– მე არ ვიცი, რა არის გულკეთილობა, მაგრამ ვიცი, რა არის გონიერება და მას პატივს ვცემ. მეც კი იმ თამაშს ვთამაშობ, რომელსაც თავისი წესები აქვს. დღეს წრემ დაგიხსნა. მე წავედი.
ის, მართლაც, წავიდა. თან წაიღო მომდევნო ასი წლის შიში და შეძრწუნებაც. უკან არ მოუხედავს და მე ვიგრძენი, რომ ერთხანს აღარც გამოჩნდებოდა.
რატომ ან როგორ მიხსნა წრემ?
ის ხომ სრულყოფილების ნიშანია – არც თავი აქვს და არც ბოლო, მაგრამ ერთი რამ ნამდვილია: მისი ყველა წერტილი თანასწორია – არც ერთს არ აქვს უპირატესობა მეორის მიმართ.
ღმერთზე ბრძანებთ?
ის ყველგან არის და ხანდახან ფიქრის სახითაც მოდის.
ამ ფიქრის გამომხატველი სიტყვები კი შეგიძლიათ თავად მოძებნოთ.
22. 04. 2022
წითელი პარასკევი