5 აპრილი, 2022

გალაკტიონ ტაბიძის გულთამხილავი წინასწარმეტყველება

გალაკტიონ ტაბიძემ ყველაზე უკეთ თვითონ იცოდა თავისი ფასი – წერდა სერგი ჭილაია წიგნში “მოგონებების გამა”:

“საავადმყოფოს ეზოდან გალაკტიონი პირდაპირ მწერალთა კავშირში გადავასვენეთ. გალაკტიონის გარდაცვალება და დაკრძალვა, რაღაც უჩვეულო და განსაკუთრებული იყო, როგორც თავად იყო უჩვეულო და რჩეულთა შორის რჩეული.

მთელი სამი დღე ესვენა გალაკტიონი მწერალთა კავშირის სხდომათა დარბაზში და მთელი ამ სამი დღე-ღამის განმავლობაში ხალხის დენა არ შეწყვეტილა. ეს დღეები ღამეს უთევდნენ პოეტების მეფეს. განსაკუთრებით ახალგაზრდობამ გამოიდო თავი. ახალგაზრდობა საპატიო ყარაულში იდგა.

დასაფლავება კი ამ გენიოსი პოეტის უმაღლესი პატივისცემის და თაყვანისცემის დემონსტრაციად გადაიქცა.
ყველაზე უკეთ თვითონ იცოდა პოეტმა თავისი ფასი და კარგადაც თქვა გულთამხილავად იწინასწარმეტყველა.

* * *
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
რაც დავიწყება გულმა არ ჰგუბოს, –
მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.
მიდიხარ… ისე მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გარდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.
მიდიხარ… აღარ დაგემდურება
არც მიწიერი, არც ზეციერი,
ვინა თქვა შენი უბედურება?
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.
მიდიხარ… ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყოს ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.
მიდიხარ… შენს ბედს ბევრი ინატრებს,
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს –
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.”