29 აპრილი, 2022

ძალიან კარგი წერილი დავით აღმაშენებელზე

ქართველ მეფეთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულ მონარქზე – დავით აღმაშენებელზე ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე:

“არც მაკედონელი, არც ნაპოლეონი, არც პეტრე დიდი ყოფილა ისეთი, როგორიც იყო აღმაშენებელი, არ არსებობს არცერთი მეფე, რომელსაც დამპყრობლური ომი უნანია, ასეთი მხოლოდ აღმაშენებლია, ,,უმეზობლობასა ვიღუწიდ და ყოვლისა სოფლისა კიდესა ვეძიებდი დასაპყრობელად სოლომონისა წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი”-ო. ასეთი მეფის შეფასებისას, ცხადია არ ტყუის მისი ისტორიკოსი.

თავისი ხელით სინჯავდა ქსენონში ავადმყოფების ქვეშაგებს, ჯამ-ჭურჭელს, ტიროდა მათი უბედურების შემყურე, უხვად ასაჩუქრებდა, და რაც ყველაზე ამაღელვებელია, ,,განაკრძალნის ზედამდგომელნი მათნი”.

იცოდა მეფემ, რომ ძალიან ძნელია ასეთ ადამიანს ღირსების მთელი დაცვით მოეპყრა ყოველ დღე, ამას გმირობა სჭირდება, ამიტომაც მეფე მომვლელებს საგანგებოდ აფრთხილებდა.

მისი დიდბუნებოვნება ფართო განათლებაზე იყო დაშენებული, ლაშქრობად მიმავალს წიგნებით დატვირთული ჯორები და აქლემები მიუძღოდა. მეცნიერებათა უმაღლესი აკადემია შექმნა გელათში, მაგრამ ამაზე გასაოცარი ისაა, რომ მუსლიმ მეცნიერთათვის საგანგებო კულტურის სახლი დააფუძნა, ყველა დროის ყველაზე დიდმა ადამიანმა!”