ნამდვილად უძვირფასესია პოეტ ანა კალანდაძის წერილი, რომელიც მისი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპებს შეეხება:
“კარ-მიდამო ჩემი დამილოცეთ, ძმებო”
“სოფელში უბედნიერესი წუთები მაქვს გატარებული, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ვცხოვრობდით. ჩვენი ოჯახი ქუთაისში სახლობდა, იქ მივიღე პირველდაწყებითი განათლება და საშუალო სკოლაც იქ დავამთავრე. მერე წამოვედი თბილისში. ბავშვობაში კი ყოველ ზაფხულს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ვატარებდით.
მე და ჩემი ძმები მოუთმენლად ველოდით არდადეგების დადგომას. ხიდისთავი მამის სოფელია. დედა მეგრელი იყო, სულავას ქალი, მაგრამ ქუთაისში ცხოვრობდა. მე მხოლოდ ერთ ბაბუას, დედის მამას მოვესწარი. მამის მხრიდან ბებია და ბაბუა ცოცხლები აღარ იყვნენ. ბებიას ანა ერქვა და სწორედ მისი სახელი დამარქვეს.
ბაბუა საკმაოდ შეძლებული კაცი იყო, მეორე გილდიის ვაჭარი. ცხრა შვილი ჰყავდა და უფროსი შვილები ძიძასთან იზრდებოდნენ. ბაბუა სოფელში არაერთი კეთილი საქმის მოთავე ყოფილა: რამდენიმე თანასოფლელთან ერთად დიდძალი თანხა შეუწირავს სოფლის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო სკოლისთვის, მდინარის ერთ ტოტზე წისქვილი აუშენებია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ბაბუა გასაბჭოებას ვერ მოესწრო, ბიძებიდან რამდენიმე გადასახლებაში აღმოჩნდა…
სოფელში დიდი მიწები გვქონდა. ჩვენს ნამოსახლარზე ახლა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. დღემდე დგას ჩვენი სახლიც, სადაც მაშინ უფროსი, გაუთხოვარი მამიდა ცხოვრობდა, სწორედ ის, ძიძასთან რომ იზრდებოდა… ჩვენ არაფერს ვთხოვდით, მაგრამ სულ სხვა გემო ჰქონდა მის გამოგზავნილ ძღვენს… მამიდას მიწის მოზიარეები ჰყავდა და ძირითადად სიმინდი მოჰყავდათ… გურიაში განსაკუთრებულად უვლიან კარ-მიდამოს და ულამაზესი ეზოები აქვთ…
ჩვენ ორი დიდი მარანი გვქონდა. ერთი ოდის უკან იყო, დიდი ასწლოვანი რცხილებით დაბურული, მეორე – ეზოს გადაღმა. მარნებში ბევრი ცარიელი ქვევრი იყო, რომლებშიც, მეგონა, რომ ჭინკები ბინადრობდნენ. ამ მოგონებამ დამაწერინა შემდეგ “კარმიდამო ჩემი დამილოცეთ, ძმებო”…
ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ხიდისთავში გუბაზეული ჩამოდის და ბავშვები მთელი დღე მდინარეზე ვიყავით, ჩემი უფროსი ბიძაშვილები თევზაობდნენ, ჩვენ ვჭყუმპალაობდით. დაღამებულზე მივდიოდით შინ, თუ მანამდე ძებნას არ დაგვიწყებდნენ… ბავშვობაში უფროსებთან ვმეგობრობდი და სოფელში მყავდა მესაიდუმლეც – მეზობელი ქალი ელისო…
ბავშვი ალბათ მაინც სოფელში უნდა იზრდებოდეს, რომ ბევრი რამ საკუთარი თვალით დაინახოს: როგორ იბადება წიწილა, როგორ იზრდება ხე, როგორ მწიფდება ნაყოფი.
სოფლის ცხოვრება მაინც სხვანაირია, ეს ერთი დიდი ენციკლოპედიაა და ყველაფერი აისახება ადამიანის გონებაში. ქალაქში მაღალი ტემპია, ადამიანი სულ სადღაც ჩქარობს და სიმშვიდე არ არსებობს…
სოფელში დავწერე პირველი ლექსი. მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი. იმ ზაფხულს ოჯახის ბევრმა წევრმა მოვიყარეთ სოფელში თავი. ჩვენთან ერთად იყვნენ ნათესავის ბავშვებიც. ერთ საღამოს ერთ-ერთი მამიდა რაღაცას გვიყვებოდა. ამ დროს ცაზე მთვარე ამოვიდა, გაანათა მთის წვერები და ჩვენი ყურადღება მიიპყრო. ფოცია მამიდა პედაგოგი იყო, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა, პედაგოგიურად მოგვიდგა და გვკითხა: “ბავშვებო, მოგწონთ ეს სურათი?” როცა ვუპასუხეთ, რომ მოგვეწონა, გვითხრა, იფიქრეთ, დაწერეთ რამე და დილას მაჩვენეთო… იმ ღამით ყველას ტკბილად ეძინა, მე კი თვალი არ მომიხუჭავს, დავალება შევასრულე და ლექსი მამიდას ვაჩვენე…
სოფელში სახლთან იდგა ის თუთაც, რომელსაც მერე ვუძღვენი “ლამის სახლში შემოიჭრას თუთა”.
ერთხელ მკითხეს, რომელ კალანდას გაიხსენებდითო. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და კალანდას სოფელში არ დავსწრებივარ, ზამთარში თითქმის არ ვყოფილვართ იქ. ასეთ დღესასწაულებს ქუთაისშიც არ აღვნიშნავდით, დაბადების დღეებზეც არ დავდიოდით, ისეთი დრო იყო მაშინ… “შემოდიოდა ჩვენში კალანდა” წარმოსახვით არის შექმნილი… ასეთი შემთხვევა მახსენდება: რადიო რომ ჩავრთე, მშვენიერ მუსიკას გადმოსცემდნენ. უცებ რიწის ტბა დამიდგა თვალწინ, მერე დიქტორმა გამოაცხადა: “თქვენ ისმენდით ანდრია ბალანჩივაძის “რიწის ტბასო”. ბატონ ანდრიას ვუამბე ეს ამბავი და მან მიპასუხა: როდესაც ამ მუსიკას ვწერდი, რიწის ტბა თვალით არ მენახაო. შემდეგ დაამატა, წარმოსახვა უფრო ძლიერია, ვიდრე რეალობაო. ასე წარმოსახვით შეიქმნა ჩემი “კალანდაც”…
უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ბატონ არნოლდ ჩიქობავას წინადადებით ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ლექსიკოლოგიის განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. იმ დროს განყოფილებაში მზადდებოდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული, რომელსაც აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა ხელმძღვანელობდა. ლექსიკონისთვის მასალა იყო საჭირო და თანამშრომლები ექსპედიციებში დავდიოდით. საინტერესო მიდგომა ჰქონდა ბატონ არნოლდს, აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლებს დასავლეთ საქართველოში გზავნიდა, დასავლელებს – აღმოსავლეთში. მე ფშავ-ხევსურეთში მოვხვდი. ეს იყო შეხვედრა ახალ და გასაოცარ სამყაროსთან, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ფშაურხევსურული ლექსები შემაქმნევინა.
ახალი იყო ენაც, სანამ ყურს შევაჩვევდით და გავხედნიდით… ეს კი ადვილი არ იყო… ზოგჯერ საუბარიც არ გვესმოდა. ფშავში ოჩიაურების ოჯახში ვცხოვრობდით. ალექსი ოჩიაური მასწავლებელი იყო. მას არაერთი წიგნი აქვს გამოცემული ფშავხევსურეთზე. საოცარი ქალი იყო ჩვენი მასპინძელი – ნათელა ბალიაური – დედიკა, თინა, გოგი და ირაკლი ოჩიაურების დედა. ისე ვერავინ ჩავიდოდა ფშავში, ამ ოჯახს რომ არ ემასპინძლა. ბერდედა, ნათელას დედა, ლელა წიკლაური ქისტებს ახსენებდა ხშირად, ქისტსა ჰგავსო – იტყოდა ლამაზ, მოხდენილ კაცზე. კი, მაგრამ ამდენი მტრობა რომ იყოო, ვკითხეთ და ვაჟკაცები იყვნენო, ვერაფრით გადავათქმევინეთ. იქ იციან ვაჟკაცობის ფასი, თუნდაც მტერი იყოს…
საქართველოს მთიანეთში კიდევ უფრო რთული იყო ცხოვრება, ზოგ სოფელში ერთი კაცი სახლობდა და ხმის გამცემი არავინ ჰყავდა… თუმცა, სულ ასე ხომ არ იყო, გაჭირვებული ხალხი შატილს ვერ ააშენებდა… მერე აიკრა მთიელმა გუდა-ნაბადი და ქალაქში წამოვიდა… დღესაც იცლება სოფელი, არადა, გლეხმა კაცმა ქალაქ-ქალაქ რატომ უნდა იაროს… ასე ხომ გადაგვარდება სოფელი და ქვეყანა. ერთი ჩვენი წინაპრისაც არ იყოს, თუ დაეცა გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდესო… გლეხი ხომ საქართველოს ძვალი, რბილი და ხერხემალია. სოფლიდან მოდიოდა უდიდესი ხალხიც…
გული მწყდება, რომ ბოლო დროს იშვიათად ვახერხებ სოფელში ჩასვლას. არადა, საოცარი ადამიანები ცხოვრობდნენ, უდიდესი ინტელიგენცია: ექიმები, მასწავლებლები… ისე, ცხოვრება მაშინაც ჭირდა და დღესაც ჭირს… თუმცა, სოფელი ადრე უფრო ღონიერი და გონიერი იყო, განსაკუთრებით გონიერნი იყვნენ ქალები…
ღონიერმა და გონიერმა სოფელმა მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, იქ არსებულმა უდიდესმა და ბრწყინვალე ტრადიციებმა, რომელზეც ილია ბრძანებდა, მთავარია, უცხოთა ფეხის ხმას არ ავყვეთ, თვალის ჩინივით დავიცვათ ტრადიციები, თუ გვინდა, უჩინარმა მტერმა ჩვენი ქვეყანა კვლავ ნატაძრალად არ აქციოსო…”