22 მარტი, 2022

უნიჭიერესი ნანა ცინცაძე

პოეტ ნანა ცინცაძეს ზუსტად შეეფერება სიტყვა “უნიჭიერესი”, რადგან მისი ლექსები ამის ყველაზე უტყუარი დასტურია:

ეს მე მინდა და მიყვარხარ!.

“დამკარგე, გახელდა ყველაფერი,
ფიქრები ტალღებად აღელდა,
მე ვარ შენი გრძნობის შესაფერი,
ახლა მარტო მოვწევ ამ ღერს და
ვინატრებ – ეგ სახე არ მენახა,
გზებზე შენი მხრებით არ მევლო,
ღამე არასოდეს გამელახა,
მზისთვის მწველი ხელი წამევლო!
მეფიქრა ვიპოვე ჩემი მსგავსი,
ხელებით, თმებით და სურნელით,
დამკარგე, გაიგე ჩემი ფასი
გყავდი და გეგონე სულელი.
თუმც ვკოცნი სხვის ტუჩებს შენს ტუჩებად,
ალმურად ეშვება წარსული.
სხეული მის სხეულს ეურჩება,
შენი საწოლიდან წასული.
მოდი, დამიურვე ის ტკივილი
სხვამ რომ დამაყარა ვნებებად,
მაშინ აღმოხდება სულს კივილი
როცა მამრის ნებას ნებდება!.
დაბრუნდი, რომ ბრბოში არ გეძებო
დაბრუნდი, რომ გითხრა – ახია,
გატყუებ სხვის კოცნას ვერ შევძლებო,
მას ვხატავ შენს უხეშ სახიანს.
არ მინდა ამ სულის გაორება,
ისედაც შლეგი და ხელია!.
სურვილი ბალიშზე გაგორდება,
სხეული შენსავით ცხელია,
არა, არ გელოდი, არა მეთქი,
ანდა ვინ ჩაგთვალა მოსულად,
გული კენტად დამრჩა განახეთქი,
სული – ზნედაცემულ ორსულად…
თურმე ღამე ისე გაილია,
სიზმრის ბოლოშიც არ იყავი,
ცხოვრება ნახევრად გავლილია
რატომ გვასულელებს იმ ყავით,
სადაც დანალექზე ირეცხება
ეგ სახე ურჩი და თავნება,
თითქოს ყინვისაგან ივერცხლება
ის, რაც არასოდეს მთავრდება.
მაინც დავაჭენებ ჩემს სურვილებს
უბელო არაბულს ვენდობი,
დავტოვებ შენს ვნებებს შემუსვრილებს
ნება აღარა მაქვს შენდობის…
მინდა და მოგიჭერ ჩემს მარწუხებს,
მერე სხვანაირად მოგდრეკავ,
მერე კოცნებით ნუ შემაწუხებ
ბოშებს გასართობად მოვრეკავ.
მერე დავივიწყებ სად ვიწყები
ციდან დაეშვება ქორალი
მერე ერთურთში რომ დავიწვებით
თვითონ მიგვატოვებს მორალი…
უარს აღარ გეტყვი, არა-მეთქი
მინდა რომ ჩაგთვალო მოსულად
გული რომ არ დამრჩეს განახეთქი,
სული – ზნედაცემულ ორსულად!
ისე ძალიან მიყვარხარ,
ვერ გაგიმეტე ჩემთვის
გული შეასკდა ნიაღვარს
სულის კივილი შემშლის…
ნეტავ ვის ვარქმევ პირველს და
ნეტავ რა არის ბოლო,
კვირტმა მიწის ქვეშ იფეთქა
მე მელოდება მხოლოდ…
წამით გაშეშდა მსოფლიო
წამი არ კვდება წამში,
ჯერ სისხლით დავწერ მოდიო
მერე მე თვითონ წავშლი,
ისე ძალიან მინდიხარ
მთელი სხეული მეწვის,
მაინც სხვა გზებით მივდივარ
ხიდია მხოლოდ ბეწვის…
არ მინდა შენი შეხება,
წადი, რომ სადმე გნახო,
შენი აჩრდილი მეხვეწა,
რომ ისევ ხელი გახლო.
ეს სულ ერთია ვინა ხარ
არ გეკითხები სახელს,
ეს მე მინდა და მიყვარხარ
და ჩემი ხორციც ამხელს,
რომ მავიწყდება სიკვდილი
როცა ქვესკნელშიც გეძებ!..
გკარგავ, მოგიხმობ გიჟივით,
გპოულობ, შენთან ვერ ვძლებ.”