გურამ დოჩანაშვილისგან ლიტერატურის მოყვარულებს უმდიდრესი მემკვიდრეობა დარჩათ, რომელიც ადამიანობას, სიკეთესა და სიყვარულს ასწავლის.
“არტინფო” გიზიარებთ მცირე ამონარიდს მისი ნაწარმოებიდან “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”:
“- ხომ ცნობილია, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა…
– დიახ!
– მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა. ერთ უხეშ მაგალითს მოვიყვან. ვთქვათ, ქუჩაში დგას ნაფუფუნებარი, თვითკმაყოფილი ვაჟბატონი, გვერდით კი უდგას რომელიმე დიდი მწერალი, მაგალითად სერვანტესი…
სერვანტესი – ჩამოძენძილი, უნებურად ამაყი, მშიერი, ხელგამხმარი დიდებული ესპანელი ინვალიდი. გვერდით კი ეს ვიგინდარა უდგას. და, ვთქვათ, ამ დროს ჩამოიარა მაშინდელმა ჩამორჩენილმა ან/და შესაძლოა ნიჭიერმა მათემატიკოსმაც კი და როცა ჰკითხავენ ამ მათემატიკოსს, რამდენი კაცი დგას ქუჩაშიო, უპასუხებს, რომ ორი ხომ?
– ალბათ…
– მერე ახლა მე თქვენ გეკითხებით, ეს პასუხია? ესე იგი რას ნიშნავს ორი, ის და ეს? ესე იგი 1+1? არა, ჩემო კარგო, არა, ყოველთვის არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება….”