უმნიშვნელოვანესი წერილი ილია ჭავჭავაძისგან

ილია ჭავჭავაძემ გაზეთ “ივერიაში” უმნიშვნელოვანესი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ნინო ხელაძემ გაგვიზიარა:

“კუნძულ კრეტაზე ოსმანთა ბატონობის წინააღმდეგ ბერძენთა განმანთავისუფლებელ ომში, ქართველი სტუდენტები ევროპის მხარდაჭერაზე დაფიქრდნენ. სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე გახლდათ სამსონ ფირცხალავა, ხოლო მდივანი – ვიქტორ კალანდაძე. მათ სტუდენტების სახელით წერილობით მიმართეს ილია ჭავჭავაძეს და გიორგი წერეთელს – გაზეთ “კვალის” რედაქტორს ყოველივეს შესაფასებლად.

გაზეთი “ივერია” ფართოდ გამოეხმაურა ბერძენთა აჯანყებას კუნძულ კრეტაზე. თავად ილია ჭავჭავაძემ კი ამ თემაზე ორი წერილი გამოაქვეყნა.

ილია ჭავჭავაძის პასუხში ვკითხულობთ: “ძნელია, პატიოსანი კაცი გაუმაგრდეს ამ მშვენიერ და ყოვლად თავს მოსაწონებელს გულთა ძვრას და გასამხნევებლად თუ ხელი არა, გული მაინც მიაწოდოს შორიდან დიდებულ საქმისათვის თავგამოდებულთა” მაგრამ იგი სტუდენტებს სთხოვს, რომ პატიოსან გულთა ძვრას ცივი ანგარიში დაუყენონ წინ, რადგან სტუდენტურ გატაცებას ზიანის მოტანა შეუძლია მათთვის, ბერძნებს კი ეს ბევრს არაფერს არგებს “ნუ მიწყენთ, რომ მოგახსენოთ ჩემით კი არა, ჩემისა და თქვენის ქვეყნის სახელით: სასწავლებლად წასულხართ, ისწავლეთ, ცოდნა შეიძინეთ, ჯერხანად ნურც აქეთ გადაიხედავთ, ნურც იქეთ, მარტო სწავლა-ცოდნას შეალიეთ თქვენი დღენი და ამ ორის უძლიერესის ფარ-ხმალით მოდით და ეპატრონეთ ქვეყანასა, რომელსაც ჯერ სხვა სავედრებელი თქვენს წინაშე არა აქვს რა და რომელიც ამ გზით მოელის თქვენგან ხსნასა და ბედნიერებას. ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმითი, რომ მცოდნე, გონება-გახსნილი, გულ-განათლებული კაცები არა ჰყავს. აი, თქვენი თავი რად გვიღირს ასე ძვირად და სიძუნწეში ნურვინ ჩამოგვართმევს, რომ სხვისთვის არც ერთს თქვენგანის თმის ბეწვსაც ვერ ვიმეტებთ: თქვენ თქვენის ქვეყნისათვის ხართ საჭირონი. გიყვარდეთ ჩვენი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყველაფერი.”