11 მარტი, 2022

თინათინ მღვდლიაშვილის საოცარი სიტყვები

ათასობით მკითხველი პოეტ თინათიან მღვდლიაშვილის შემოქმედების უდიდესი გულშემატკივარია. მისი ლექსებიდან საუკეთესოს დასახელება უმრავლესობას უჭირს.

“არტინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ საოცარ ლექსს “ოცდაათი ვერცხლი”, რომელიც 1990 წელს არის დაწერილი:

“რუსთაველზე,
წმინდა ნინოს
და მაცხოვრის ხატთან,
რუსთაველზე,
მლოცველების
და სანთლების ზღვასთან,
მოღალატის,
კაცისმკვლელის,
სატანების ფერხთით, –
ჩხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი!..
აფხაზეთში,
ცხუმის ცის ქვეშ
და რუსთველის ძეგლთან,
აფხაზეთში,
საქართველოს
მაჯასთან და მკერდთან,
მოღალატის,
გარეწარის,
ანტიქრისტეს ფერხთით, –
ჩხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი!..
სამაჩაბლოს,
თეთრი ტაძრის
და ლიახვის პირას,
სამაჩაბლოს,
ავი ხელით
ტყვიადახლილ დილას,
მოღალატის,
მოძალადის
და ხიზანის ფერხთით, –
ჩხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი!..
ოცდაერთში,
კოჯრის ტყესთან
და თბილისის კართან,
რუსთაველზე,
მლოცველების
და სანთლების ზღვასთან,
აფხაზეთში,
ცხუმის ცის ქვეშ
და რუსთველის ძეგლთან,
ქვემო ქართლში,
სიონთან და
წინაპართა ძვლებთან,
მოღალატის,
ნაძირალას,
უცხო ტომთა ფერხთით, –
ჩხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი!..
გაყიდული საქართველო,
გაყიდული სისხლი,
გაყიდული მაცხოვარი,
გაყიდული ფიცი.
ოცდაათი სატკივარი,
ოცდაათი ცეცხლი,
ოცდაათი სიძულვილი,
ოცდაათი მეხი.
ოცდაათი ნაძირალა
შარაგზაზე გდია…
საქართველოს მოღალატეს,
საქართველოს მოღალატეს,
საქართველოს მოღალატეს, –
ოცდაათი ტყვია!..”