6 მარტი, 2022

ტარიელ ხარხელაური ყველაზე მთავარზე

პოეტი ტარიელ ხარხელაური ყველაზე მთავარზე – ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გამეფებულ მძვინვარებაზე წუხს:

“მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაეჭვებს,
სისხლისფერი ღრუბლები
სისხლის წვიმას გამოსცრის,
სახსრებიდან მორყეულ დედამიწას რამე სჭირს,
ვერ პოულობს დასაყრდენს პლანეტათა ქაოსში.
თუმცა, ზეცა მთავაზობს ვარსკვლავთა მილიარდებს,
ესეც ძალზე მცირეა უსასრულო სივრცისთვის,
სამყაროთა სიღრმეში ვეძებ ადგილს მივარდნილს
და სულ მცირე სიმშვიდეს ვეძებ დედამიწისთვის.
ამ ვეება პლანეტის მიჭირს ზევით აწევა,
ვიცი, ძალზე შორია იმ თვინიერ სიღრმემდის,
მოვახერხოთ იქნება, დედამიწავ, გაღწევა,
ოღონდ შეცვლა მოგვიწევს ტრაგიკული ნიღბების.
ცრემლი და ტკივილები თუნდაც გრიგალს მიანდე,
და მზის მტვერში შეჰხვიე სისხლიანი ხილვები,
რადგან სცენა მსოფლიო უხმობს კომედიანტებს,
ისე ახლოს ბორგავენ სიძვის ქარტეხილები.
შენ კი უკვე მობერდი ავანგარდულ სცენისთვის,
თუნდაც მცირე ტკივილი დაუტოვე რამე წლებს,
იქნებ დადგეს ოდესმე მოლოდინი ცრემლისთვის,
მსოფლიო მძვინვარება რაღაც ძლიერ მაეჭვებს…”