27 მარტი, 2022

საქართველოს სიყვარულისთვის დასჯილი დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი – ამ სახელსა და გვართან არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა დაკავშირებული – სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე, ტფილისის ქალაქის თავი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი.

ამ შესანიშნავი ადამიანის დამსახურებაა ჟურნალ „ცისკრისა“ და მუდმივმოქმედი ქართული თეატრის დაარსება, შექსპირის პირველი ქართული თარგმანი…

დიმიტრი ყიფიანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.
თბილისის სემინარიის რექტორი ჩუდეცკი ქართულს ძაღლის ენას უწოდებდა. სემინარიიდან გარიცხულმა იოსებ ლაღიაშვილმა ვერაზე ნაყიდი ბებუთით მოკლა ჩუდეცკი, აღშფოთებულმა ეგზარქოსმა პავლემ სიონში წირვაზე შეკრებილ მაღალ კნიაზობას უქადაგა – ქართველებს ანათემას გადაგცემთო! კნიაზობა გაჩუმდა…

იმ დროს სოფლად მყოფმა დიმიტრი ყიფიანმა კი ეგზარქოსს მისწერა – ის ქვეყანა დასწყევლეთ, რომელიც თქვენი სამწყსოაო?

ალექსანდრე მესამემ დიმიტრი ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის მარშლის თანმდებობიდან გადააყენა და მისი სტავროპოლში გადასახლება ბრძანა, სადაც, ოფიციალური ვერსიით, დიმიტრი მძარცველებმა მოკლეს:

„იგი მოჰკლეს მძინარე. თავში ჩაურტყიათ რაღაცა მძიმე და მრგვალი საგანი, რადგანაც თავისა და პირისახის ნახევარ მხარეზე ძვლები სულ დამსხვრეული აქვს,“ – წერდა “ივერია” 1887 წელს. ასე შეიტყო ქართულმა საზოგადოებამ დიმიტრი ყიფიანის სიკვდილის შესახებ.

„ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს და იმ გულზე, რომელიც საქართველოსათვის ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“ – წერდა აკაკი წერეთელი დიმიტრი ყიფიანზე.

საქართველოს სიყვარულისთვის დასჯილ დიდებულ ქართველს პოეტმა თავისი გენიალური ლექსი “განთიადი” მიუძღვნა.