27 მარტი, 2022

პატრიარქი ამბროსი ხელაია რუსეთზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში ამბროსი ხელაია, რომელიც გარუსების პოლიტიკას ებრძოდა, რუსეთმა სამაგალითოდ დასაჯა:

“ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა აუწერელი დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები.

ორჯერ განვიცადე სამშობლოდან ექსორიობა. ორჯერ ვიყავი გადასახლებული რუსეთში და ორჯერვე სამშობლოში დამაბრუნა რევოლუციამ (1905-1907 წ.). განსაკუთრებით სასტიკი იყო ჩემთვის მეორე გადასახლება, რომელიც მოხდა 1907 წლის იანვარში: წართმეული მქონდა ზოგიერთი უფლებები – არ მქონდა ნება წირვალოცვისა და მღვდელ მსახურებისა ისევე, როგორც ახლა – ამ ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ეს უფლება წამართვა სათანადო მთავრობამ, ხოლო ახლა საერო მთავრობამ, რომელსაც ამის უფლება არ უნდა ჰქონოდა, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში მე აღვნიშნავ სამ მომენტს, რომელიც დამახასიათებელია ახლანდელი ჩემი მდგომარეობისა.

მეორე ექსორიობის დროს, მთელი 1909 წლის განმავლობაში, ჩემი საქმე ჰქონდა ხელში გენერალ-პროკურორს, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ცნობილ შეგლოვიტოვს, მაგრამ მანაც ვერ სცნო შესაძლებლად ის გადაეცა სასამართლოსათვის. შესაძლებელია, ამ არარუსების მოძულესაც ეკლესიური თავისუფლების საკითხი მიაჩნდა იმდენად ნაზ და პატივსაცემ საკითხად, რომ მისი სასამართლოსათვის გადაცემა შეუფერებლად მიაჩნდა. ამის გამო საქმე მოსპო და მე დამიბრუნეს უფლებები, გარდა სამშობლოში დაბრუნებისა…

…მახსოვს პუციკოვიჩის გეოგრაფია, რომელშიც თითოეული კუთხის აღწერა დასურათებული იყო ადგილობრივ მკვიდრთა ტიპებით. ველიკორუსი გამოყვანილია: დიდი, ახოვანი, კმაყოფილი სახით და ამაყი გამომეტყველებით და ქვეშ მიწერილი ჰქონდა: “Хозяин земли русской”. სხვა ეროვნებათა წარმომადგენელი იყო მონის და დაჩაგრულის გამომეტყველებით. თვით სკოლა აწვდიდა ხალხს ამ დიდმპყრობელობით იდეას და რა გასაკვირია, რომ მისი მისწრაფებათ იქცა ყველასათვის ეცქირათ, როგორც მონებისათვის, მათ ქვეშევრდომთათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ მოწმე გავხდი შემდეგი სანახაობისა: ქ. სოხუმის ბულვარი, ზღვის პირად მრავალი მოსეირნე. აქვე დგას ორი რუსი ძალზე შეზარხოშებული. ერთი მათგანი უჩვენებს თოვლიან მთებზე და ეუბნება მეორეს: “Эти горы наши… Все народы там живушне наши подданные и все здесь гуляющие нам подчинены”. და დააბოლოვა იმნაირი სიტყვებით, რომლების მოყვანა აქ არ შეიძლება.

1905 წელს მე ვიყავი დონის ოლქში და, როდესაც გავრცელდა ხმა, რომ კავკასიაში, საქართველოში გამოცხადდა თავისუფლება რუსეთის ბატონობიდან, ხშირი იყო შემთხვევა, რომ მეკითხებოდნენ როგორც ქართველს, ნუთუ მართლა საქართველო გამოეყოფა რუსეთსო. ეს შეუძლებლად მიაჩნდათ. მით უფრო, რომ ადგილობრივი რუსობაც ასე ფიქრობდა. როდესაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მართლა დაარსდა საქართველოს რესპუბლიკა, სოხუმის რუსობა ვერ ურიგდებოდა საქართველოს თავისუფლებას. დიდი თუ პატარა, ნასწავლი თუ უსწავლელი, ყველა გაიძახოდა: “როგორ შეიძლება საქართველო იყოს თავისუფალი, ეს დროებითია, მოვა ჩვენი ჯარი და ისევ დავიმორჩილებთო. საქართველოს თავისუფლება სასაცილოდ მიაცნდათ, მას ასახელებდნენ: “Кукурузная республика ” ანუ “Республика на 1 1/2 часа”. ბატონობის იდეაზე აღზრდილი ბუნებრივათ გულკეთილი ადგილობრივი რუსი მოსურნე იყო ბატონობისა და თანასწორობას ვერ გუობდა.

…მაგრამ ძნელი სათქმელია ქართველი კომუნისტები, ვისი სურვილის აღმასრულებელნი იყვნენ ერთი კი ცხადია, მათ სურდათ საქართველო შესულიყო დიდი რუსეთის ფარგლებში…”