24 მარტი, 2022

ნატო ვაჩნაძის საოცარი ისტორია

ქართული კინოს მშვენებამ ნატო ვაჩნაძემ თავისი ნიჭიერებითა და განუმეორებელი სილამაზით სამუდამოდ შეაყვარა თავი მაყურებელს.

მისი ხანმოკლე ცხოვრებიდან ერთ-ერთ ისტორიას მსახიობი ეკატერინე ვაჩნაძე განსაკუთრებული სიყვარულით იგონებდა:

“ნატო ვაჩნაძე გარდა იმისა, რომ ნიჭიერი ხელოვანი იყო, ბუნებითაც საოცრად კეთილი, ბავშვივით გულუბრყვილო და სხვებისადმი ყურადღებიანი ადამიანი გახლდათ.

წაღვერში ერთი კაცი დღეგამოშვებით ხილს დაატარებდა გასაყიდად. ძალიან მეძვირე იყო. ამ ამბავმა ნატოს ყურამდეც მიაღწია, კალათა მოითხოვა, ამ კაცს მე შევევაჭრებიო.

მივიდა და ეკითხება, რა ღირს საზამთრო? რა ღირს ნესვი? ამ კაცს ფაფახი თვალებზე ჰქონდა ჩამოფხატული და ძალიან ძვირს ეუბნებოდა. ნატომ გამყიდველს ფაფახი თვალებიდან აუწია და გაუღიმა. კაცმა ნატოს შეხედა და გაშტერდა, ხმა ვეღარ ამოიღო. მერე პირჯვარი გადაისახა და წამოიძახა, ხალხო, ამას რას ვხედავ, ციდან ანგელოზი მომევლინა. წაიღე, წაიღე, შენგან ფულს არ ავიღებო.

პავლე – ასე ეძახდნენ იმ მეხილე კაცს, მესამე დილით გამოგვეცხადა. ქუდი ამჯერად შუბლზე ჰქონდა აწეული, ნატოს ეახლა – ანგელოზო, ხილი მოგართვიო. ნატომ მადლობა გადაუხადა და უთხრა, ძია პავლე, ერთ თხოვნას შემისრულებ? ცოტა ხნით შენი ცხენი მათხოვე, სადგურზე ჩავირბენ და უმალ დავბრუნდები, მეგობარს უნდა დავხვდე, დავაგვიანე, მატარებლის ხმა ისმისო.

შვილო, ჩემს სიცოცხლეში ცხენი შვილისთვის არ მითხოვებია, ეს რა ხათაბალაში ჩამაგდეო, უპასუხა კაცმა.
ნატომ ღიმილით უპასუხა, ძია პავლე, იცოდე, თუ ცხენს არ მათხოვებ, ჩვენს შორის მეგობრობა აღარ იქნებაო. პავლეს არჩევანის არანაირი გზა არ გააჩნდა. ნატო ცხენს სწრაფად მოახტა, გააჭენა და მალე თვალს მიეფარა.

როდესაც რკინიგზაზე “კუკუშკა” შემოსულა, მემანქანეს უცვნია ნატო და მატარებელი სადგურამდე გაუჩერებია, აღტაცებული მგზავრები კი ვარსკვლავს ტაშით შეხვედრიან.

ნატო რომ დაბრუნდა, პავლემ უთხრა, შვილო, კაცი დავბერდი და ცხენის ასეთი გაჯირითება სიზმრადაც არ მინახავს. ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე, ბედნიერება და სიხარული ნუ მოგაკლოს, მე რომ დღეს სიამოვნება მომანიჭეო.”