22 მარტი, 2022

მეტეხის ციხეში გამოკეტილი იოსებ გრიშაშვილი

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პოეტი იოსებ გრიშაშვილი მეტეხის ციხეში გამოკეტეს ლექსის გამო, რომელიც მან 1921 წლის 25 თებერვალს დაწერა.

“ახალ ხელისუფლებას” – ასე ჰქვია ლექსს, რომლის თავდაპირველი სათაური “რუსის ჩექმა” ყოფილა. მოგვიანებით კი სიტყვა “მოშურნემ” სიტყვა “კომუნისტი” ჩაანაცვლა, თუმცა ლექსის პათოსს და სათქმელს ეს არანაირად არ ცვლის:

ახალ ხელისუფლებას

“მართალია, დღეს ეს ლექსი
ბევრ მოშურნეს გააჯავრებს,
მაგრამ მაინც თამამ სიტყვას
მოვახსენებ ახალ მთავრებს:
თქვენ ამბობდით: საქართველომ,
რაც გინდ ბევრი გაიბრძოლოს,
დიდ რუსეთის პროვინციად
გადიქცევა მაინც ბოლოს!
ჰა, აღსრულდა! თქვენ მოხვედით,
ჩვენც მიგიღეთ ცრემლით ცხელით,
მაგრამ ხალხი არ შეგინდობთ,
რომ სხვის ხიშტით შემოხველით!
განა ჩვენ აქ გვქონდა ტახტი,
ან ზედ დავსვით ვინმე მეფედ,
რომ ქართველთა წმინდა სისხლი
დაღვარეთ და ააშხეფეთ?
განა ჩვენი არწივები
გაურბოდნენ დროშას წითელს,
რომ დღეს ჩვენზე ახარხარებთ
ყველა ბილწს და ყველა სკვითელს.
ო, ჩვენ ისე შევეჩვიეთ
ჩვენს მიწაწყალს, ჩვენს ფერს, ჩვენს ხმას,
რომ ვერასდროს ვერ ავიტანთ
გამარჯვებულ რუსულ ჩექმას.
ზეინაბად გადვიქცევით,
გულს ჩავიკლავთ აღთქმას შმაგურს
და უსისხლოდ მტერს არ მივცემთ
არც ერთ კუთხეს, არც ერთ აგურს.
… მაგრამ თქვენში თუ ვიპოვნით
ჩვენზე კარგს და ჩვენზე ძლიერს,
უანგარო მამულიშვილს,
სასახელო ივერიელს;
თუ დაიცავთ ჩვენი ერის
სილამაზეს, ენას, დოვლათს,
თუ ჩვენს ცხელ მზეს არ გარდაქმნით
ჩრდილოეთის მსუსხავ ხორბლად,
თუ აღადგენთ საქართველოს
ისტორიულ მთლიან ხაზად,
მაშინ ჩვენს გულს, სულს, სიყვარულს
ქვეშ გაგიფენთ ფიანდაზად.
… მაგრამ ვინმემ თუ გაჰბედა,
რომ მოგვსპოს და გადაგვთელოს –
ვიტყვი: მოკვდა საქართველო –
გაუმარჯოს საქართველოს!”