30 მარტი, 2022

მარო მაყაშვილი რუსებზე

ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი რუსებზე თავის დღიურში 1920 წლის 16 აპრილს – საქართველოს გასაბჭოებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე – წერდა:

“…თბილისი აივსო რუსი ლტოლვილებით, კავკასიიდან, როსტოვიდან, ეკატირენოდარიდან და სხვ. სულ აქ არიან. ქუჩაში თუ გავა ადამიანი, ყოველ ნაბიჯზე უცხო ტომები, მდიდრები, კარგად ჩაცმულები. გამოექცნენ ბოლშევიკებს. ყველანი ჩვენსკენ მორბიან. აქ კარგი თავშესაფარია, ჩვენც ყველას ვიღებთ, ვუმასპინძლდებით.

სხვათა შორის, ჩამოვიდნენ არტისტები მოსკოვის სამხატვრო თეატრის კაჩალოვთან ერთად. ისინი ამბობენ: ჩვენ საშინელი წარმოდგენა გვქონდა საქართველოზეო. გვეგონა, აქ ყველა მხეცებია, ამოღებული ხანჯლებით დარბიანო და დღე სახლებში უვარდებიან, ჰკლავენ, სძარცვავენო.

სიზმარში გვეგონა თავი, აქ არაჩვეულებრივი ცხოვრებაა. ყველაფერია, მხიარულობენ, სიჩუმეა. ერთმა სთქვა, რომ ჯერ ვერ შევეჩვიე ამ სიჩუმესო, მაშინ როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში მარტო სროლა ისმის. მიკვირს, რომ დღისით გარეთ ვარო, ხალხს ვხედავო, მოსიარულეს, მოცინარეს. სამოთხეა, სამოთხე. რატომ ადრე არა ვიცოდით.

როცა რაშიმე დავჭირდებით, მაშინ დაგვაფასებენ ხოლმე, ცხოველები, პირუტყვები ვეგონეთ. ესეც შენი ხალხი, რომელის ერთ დროს ქვეშევრდომნი ვიყავით, “პატარა პარიზიც” დაარქვეს. ფული ბლომად აქვთ. არაფერს ზოგავენ. ხელგაშლილად ცხოვრობენ.“