25 მარტი, 2022

ლილი იოსელიანისთვის ჩაშლილი პრემიერა

ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ლილი იოსელიანს პრემიერა ჩაუშალეს, თუმცა ფაქტი ჯიუტია – შექსპირის “ჰამლეტის” პრემიერის წინ მთავარი როლის შემსრულებელმა ზურა სტურუამ განაცხადა, არ ვითამაშებო.

ისტორია მიხეილ ზაქარიაშვილმა გაიხსენა:

“ლილი იოსელიანი უდიდესი ქართველი პედაგოგი თეატრალურ სამყაროში, რეჟისორი, უბრალოდ საოცარი ყველასაგან განსხვავებული. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის დადებითი პიროვნება…

ჩემი და ქალბატონი ლილის შეხვედრა ჯერ კიდევ ინსტიტუტში შედგა. აღარ მახსოვს რას დგამდა, მაგრამ მის სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა! გავიდა წლები, ბევრი სპექტაკლი გავახმოვანე მუსიკალურად, მაგრამ არ ვიცი, რატომ მოინდომა ასეთ ურთულეს სპექტაკლზე ჩემი კომპოზიტორად აყვანა, როგორიც იყო სპექტაკლი იულიამ შექსპირის ,,ჰამლეტი”…

სპექტაკლი დიდხანს მზადდებოდა, ძალიან მაგარი მსხახიობები თამაშობდნენ. მთავარ როლში იყო ზურა სტურუა, ხათუნა იოსელიანი და კიდევ შორს წაგვიყვანს იმ მსახიობების თანავარსკვლავედის ჩამონათვალი!

ძალიან სერიოზულად მივუდექი ჩემს მოვალეობას. მიმაჩნია, რომ მსგავსი სერიოზული მუსიკა არც ერთ სპექტაკლზე არ გამომიყენებია! ქალბატონი ლილი, მარტო რომ ვრჩებოდით, თავად წაიმღერებდა მელოდიას და იმის მიხედვითაც ვაკეთებდი მუსიკას!

ძალიან საყვარელი ადამიანი იყო, ძალიან მომთხოვნი, ერთ სიტყვას მსახიობებს 1000-ჯერ ამეორებინებდა სხვადასხვა ინტონაციით და დატვირთვით, სასტიკად არ უყვარდა როდესაც სპექტაკლში ძირითად ატრიბუტიკას რეკვიზიტები და განათება წარმოადგენდა, ის ყოველთვის ამბობდა ,,განათება უნდა იყოს მინიმალური, თეატრალური, როდესაც განათება მოძრაობს, მისი ხმა არ უნდა აწუხებდეს მაყურებელსო…

მიმქონდა მუსიკა, მაგრამ რაღაც არ მოსწონდა და სულ მეუბნებოდა ,,იცი, როგორი მუსიკა მინდა, დედა? სული რომ ზეცაში ადისო”. მე კარგა ხნის ფიქრის შემდეგ, როცა ვერაფერი მოვიფიქრე, ვუთხარი – ,,ჯერ არ მოვმკვდარვარ, ქალბატონო ლილი, და საიდან უნდა ვიცოდე, სული რომ ზეცაში მიდის როგორი მუსიკა ისმის მეთქი” და ორივეს გულიანად გაგვეცინა. ,,კარგი ახლა, გაჩერდი, ხომ ხვდები, დედა, რასაც გეუბნებიო…”

კიდევ არ მახსოვს მეცხრე თუ მერვე სართულზე ცხოვრობდა, მარტო ვართ სახლში და მორიგ მელოდიას ღიღინებს. უცებ მოვიდა ჩემთან და ამ ღიღინზე ცეკვა დავიწყეთ! ის ისე იყო ჩართული სპექტაკლის დადგმაში, რომ კარგა ხანს მეცეკვა თავისი ნატკენი ფეხით. ვცეკვავთ თავდავიწყებით, მეც ავყევი და უცებ გავიფიქრე, ახლა რომ ვინმე მიყურებდეს, კიდევ კარგი მეცხრე სართულია და არ ჩანს არაფერი, რას იფიქრებდა ხალხი-მეთქი? მე ახალგაზრდა კაცი მოხუც ქალთან ვცეკვავ და თანაც რა იციან რომ სპექტაკლზე ვმუშაობდით. ეს ყველაფერი ვუთხარი სიცილით, როცა ცეკვას მოვრჩით! იცით, როგორი ქალბატონი იყო – იშვიათად ეცინებოდა და ისე გულიანად გაიცინა, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა…

უკვე ასაკში იყო, ალბათ 75 წლის, როცა ინგლისური ისწავლა და შექსპირი ორიგინალში წაიკითხა. მისი შექება ჩემს მიმართ ახლაც მაქვს აფიშებზე და ფურცლებზე დაწერილი. ძალიან მოეწონა ჩემი გაკეთებული მუსიკა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ – ზურა სტურუამ პრემირერის წინ განაცხადა, რომ არ ვითამაშებო და რაღაც წერილი დაუწერა ქალბატონ ლილის!

მიმაჩნია, რომ არაჩვეულებრივი სპექტაკლი ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი მუსიკით დასრულდა და მზის სინათლე ვერ ნახა! მაშინ პირველად მივხვდი, რა რთულია რეჟისორობა და როგორი დამოკიდებული ხარ მსახიობზე!

ახალგაზრდებმა არც იციან ვისზე გიამბობთ, რა გენიოს ქალბატონზე… ის ჯაბა იოსელიანის და იყო, იქნებ ასე მაინც მიხვდნენ ვისზე ვლაპარაკობ… ღმერთმა ნათელში ამყოფოს ეს უნიჭიერესი რეჟისორი, ქალბატონი, რომლის მსგავსი პედაგოგი არ დაიბადება თეატრალურ სამყაროში. მისი აღზრდილები გამოირჩევიან უდიდესი ცოდნით და ერუდიციით…

გაიხსენეთ და მოიგონეთ მისმა აღზრდილმა მსახიობებმა. ვიცი, რომ ბევრჯერ იხსენებთ, მაგრამ დაწერეთ მის შესახებ მოგონებები, რომ ბევრმა ახალგაზრდამ მისი სასცენო ოსტატობა შეისწავლოს და აითვისოს…”