კატო ჯავახიშვილი რუსეთზე

პოეტი კატო ჯავახიშვილი რუსეთზე ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებს:

“ვაი, შე ძუკნავ!
სად წავიდა შენი სოლდატი,
ვადაგასულ საჭმელს უჩივის? ხომ არ მოშივდა?
ამბობენ, მშიერს უკეთესად უჭირავს ხმალი,
როცა ცას დედა შეუდგება მკვდარი შვილიდან.
ვაი, შე ძუკნავ,
ხორბლის ყანა მოცელე ღამით
ძუძუდან ხსენი ჩამოწურე
ენიდან – თაფლი
სად, სად წავიდა შენი სახლის ერთგული ძაღლი
ცხელ მიწაში თუ მის ძვალს ჩარგავ,
არ გამოჩნდება?!
ხანძარი იყო წუხელ, ღამით.
რაღაც აფეთქდა.
ბავშვი გარბოდა ხის თოფით და ლურჯი თვალებით
ტანიდან ხორბლის ყანა რომ მოცელე პურის საცხობად,
შენი ხანძრიდან გვირილები არ ამოსულა?
ჯერ ნაალაფარს პირს უშვერ და ჭას ენით ხაპავ –
ჯერ ფეხებშუა არ დაგიხვდა სქელი ყინული?!
შენს შვილს ფუმფულა თითებზე რომ გამოუნასკვე
იმ თვითმფრინავებს ჩამოსცვივდათ ცეცხლის მტრედები.
ვაი, შე ძუკნავ,
სად გაუშვი შენი სოლდატი.
პირზე წვერიც კი არ ამოსვლია
სხვის ყანებს ცელავს.
წუხელ ღამით ლოგინს მალავდი?
კარტოფილი ვერ შეწვი კარგად?
ტანი ქონით ვერ დაიზილე?
შენც გაუსწორე შენს გმირს ომში წასვლის ქუდი
და გააცილე შენი კაცის ცოცხალი ტანი
სხვისი შვილების საფლავების მოსასწორებლად?!
ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს?
რომელ საათზე ელოდები, არ დაგირეკა?
არ გითხრა, რამდენ ქალს ჩააცვა ამ დილით შავი
რამდენი ქუჩა ამოშალა დროის რუკიდან?
ტელეფონის ზარია, არა?
უპასუხე, დრო აღარ ითმენს.
მოკლული ბავშვის სათამაშო გამოგიგზავნა?
პულტიანი მანქანაც იყო? პლუშის კურდღელიც?
ახლა რა დროა?
გამთენიას ბომბები ფარავს.
მარიუპოლი დაბომბილა, მარიუპოლი…
მგონი, ტელეფონს რაღაც სჭირს, არა?
ცა გადახურეს თუ თავისით გადაიხურა?..
ვაი, შე ძუკნავ!
შენი შვილი პლუშის კურდღელს ლოგინში რომ ჩაიწვენს ღამით,
რომელ თხრილში უნდა ეძებო
თავგახეთქილი, უსაფლავოდ დარჩენილი შენი სოლდატი.
ასი დოლარიც რომ არ ღირდა მისი სიკვდილი.”