25 მარტი, 2022

ჯემალ ქარჩხაძის ყველაზე კარგი წერილი

მწერალ ჯემალ ქარჩხაძის წერილებიდან “არტინფომ” ყველაზე კარგი წერილი შეარჩია წიგნიდან “მარტოობის ჩუმი ედემი”:

“ნიაღვარი მოვარდა, ფეხქვეშ ნიადაგი გამოგვირეცხა, ფესვები გამოგვიჩინა, გაგვაშიშვლა და დაგვანახა (თუმც ვერ დავინახეთ), რომ ქართველები იმ ჯიშის ხალხი ყოფილა, ნულოვანი სოციალური კულტურით, რომელიც ყველაფერს “გაგებით ეკიდება”, შიმშილით იხოცება ხალხი – გაგებით ეკიდება, სიცივით იხოცება – გაგებით ეკიდება, ძარცვავენ – გაგებით ეკიდება, მასხრად იგდებენ – გაგებით ეკიდება.

თეთრზე გვეტყვიან თეთრია – გაგებით ვეკიდებით, თეთრზე გვეტყვიან შავია – გაგებით ვეკიდებით, აფხაზეთს და ოსეთს გაასხვისებენ – გაგებით ვეკიდებით, რუსის ჯარს მოგვისევენ – გაგებით ვეკიდებით, ქურდებს დაგვასვამენ თავზე – გაგებით ვეკიდებით, რუსეთს დავუახლოვდებით – გაგებით ვეკიდებით, ნაციონალიზმს შემოგვაჩეჩებენ – გაგებით ვეკიდებით, სულში ჩაგვაფურთხებენ – გაგებით ვეკიდებით.

ყველაფერ ამას გაგებით შეიძლება მოეკიდოს გაუგებარი ხალხი, რომელსაც საკუთარი ეროვნული და საზოგადოებრივი ნება არ გააჩნია. ქართველობა ყველაფერს გაგებით ეკიდება და მერე დამოუკიდებლად, ყველა თავისთავისთვის, ცდილობს ამ გაგების საფასურად, ამ გაგების ატმოსფეროში და ამ გაგების გრძედსა და განედზე ფეხი მოიკიდოს, ანუ ქართველობა ჯერ შორსაა იმისგან, რომ საზოგადოება შექმნას.”